ახალი ამბები

არ არის საჭირო გაბუნიას გამონათქვამზე რეაგირება – რუსი დეპუტატი კალაშნიკოვი

8 ივლისი, 2019 • 1626
არ არის საჭირო გაბუნიას გამონათქვამზე რეაგირება – რუსი დეპუტატი კალაშნიკოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრი სერგეი კალაშნიკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს რეაქცია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამებზე.

“არ არის საჭირო, ჩვენმა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტის ამ ხულიგნობაზე და რაიმე ზომების მიღებას შესაძლებლობა განიხილოს. რეაგირება – ეს ნიშნავს მის დონეზე დაშვებას”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, მსგავსი გამონათქვამები წამყვანმა დაუშვა თავის საავტორო გადაცემაში ქართულ და არა რუსულ ტელევიზიაში.

“ეს მხოლოდ ამ ადამიანების უკულტურობას ადასტურებს, მეტს არაფერს. მაგრამ ამით მთვარე დედამიწაზე არ ჩამოვარდნილა”, – აღნიშნა დეპუტატმა.


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის- გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაუნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი