ახალი ამბები

შოთა დიღმელაშვილი: მივალთ რუსთაველზე და გავესაუბრებით იმ ჯგუფს, თუ რა უნდათ

8 ივლისი, 2019 • 2039
შოთა დიღმელაშვილი: მივალთ რუსთაველზე და გავესაუბრებით იმ ჯგუფს, თუ რა უნდათ

რუსთაველის გამზირზე, ის ტეროტორიაზე, სადაც უკვე 18 დღეა საღამოობით ანტისაოკუპაციო აქცია იმართება შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ამჟამად ვასაძე-მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი-ქართული მარშის აქცია მიმდინარეობს. ისინი აპირებენ, არ მისცენ საღამოს 7 საათზე დაგეგმილი ანტისაოკუპაციო შინაარსის აქციის ჩატარების საშუალება, ასევე ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რუსეთში მოქმედი “გარყვნილების პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის მიღებას.

გაიმართება თუ არა აქცია „სირცხვილია“ დღეს რუსთაველზე?  – აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ  აქციის საორგანიზაციო ჯგუფი შეიკრიბება და განიხილავს შექმნილ ვითარებას:

„პირველ რიგში, მივალთ რუსთაველზე და გავესაუბრებით იმ ჯგუფსაც, თუ რა უნდათ, რატომ მოვიდნენ იქ, რადგან იციან, რომ ჩვენი აქცია იყო დაანონსებული, ასევე, გამოფენაც შვიდ საათზეა და რატომ ცდილობენ ჩაშლას.

ჩვენ გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ვატარებდით აქციას და, შესაბამისად, თუ სიტყვის თავისუფლებაზე მიაქვთ იერიში აგრესიულად განწყობილ მოძალადე ჯგუფებს, მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამაში.

დამთხვევაა, როცა ყველა პროტესტზე მოდის ხოლმე პროსახელისუფლებო რადიკალური, ფანატიკური ჯგუფი და თავს ესხმის აქციას არაადეკვატური ბრალდებებით. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ ალბათ ხელისუფლება ალიანსში შევა შავბნელ ძალებთან სამართლიანი მოთხოვნების წინააღმდეგ. თუ ეს ასეა, გასაკვირი არ იქნება. თუ ასე არ არის, მაშინ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეაქცია, მაგრამ არა მგონია, ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვის მხარე დაიკავოს “, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულ დაჯგუფებას შს მინისტრმა ადრეც მოუწოდა, როგორც მის მხარდამჭერებს, როცა მათ პირველად დააპირეს გამოსვლა:

„ჩვენ შეგვიძლია ეს ძალა განვიხილოთ ხელისუფლების, უკანონო ბრძანების გამცემი შს მინისტრის მომხრედ, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით თავს ესხმის თავისუფალ სიტყვას, მშვიდობიან მანიფესტანტებს.

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს გადაიზარდოს ხელჩართულ ჩხუბში, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები და ერთი და ორი დღე არ გვიწყვეტს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისატროს რეაგირება არ ჰქონია პრეზიდენტის სიტყვებზე, რომლის მერეც ფრენები შეწყდა რუსეთთან და კვირას, ღამის პირველ სათზე ჟურნალისტის ცუდ გამოსვლაზე ჰქონდა რეაქცია.

ეს არის სიგიჟე, რაც არ ხდება ნორმალურ ქვეყნებში. ადამიანები მიცვივდნენ პუტინის გრძნობების დასავაცად კერძო არხის წინააღმდეგ. ჟურნალისტმა შეაგინა პუტინს, დასაძრახია, მაგრამ ეს ჟურნალისტურმა ქარტიამ უნდა განიხილოს და არა ხელისუფლება წავიდეს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

ესენი არიან პარტაქტივი და დაქირავებული ხალხი, რომლებიც მალე დატოვებენ ალბათ ტერიტორიას და თუ არ დატოვებენ და იქ გამაგრდებიან, ჩვენ რუსთაველზე არ გვაქვს ჯვარი დაწერილი, სხვაგან გავაკეთებთ, რადგან მართლა არ გვინდა კონფლიქტი, თუმცა შეგვიძლია, მივიდეთ და მოვითხოვოთ შსს-გან, დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტანტები ძალადობისგან.

განწყობის არტიკულირება სად მოხდება გაცილებით მეტი ხალხის მიერ, არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა არ გვინდა ბრძლოს დათმობა და შევხედავთ“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი