ახალი ამბები

RMG Gold–ს საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადა 5 წლით გაუგრძელეს

7 იანვარი, 2015 • 1259
RMG Gold–ს საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადა 5 წლით გაუგრძელეს

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით,  შპს “RMG Gold”-მა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გარგძელების თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა.


“წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ სალიცენზიო ფართობის ერთ-ერთ ობიექტზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ითხოვა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ ტერიტორიის კოორდინატების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის N 2/271 ბრძანებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის N 03/266 ბრძანების მიხედვით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შპს “RMG Gold”-ის მიერ განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის აღება,”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში


გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, RMG Gold-მა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა.

 

კომპანიას ლიცენზიის ვადა 1 იანვარს ეწურებოდა. RMG Gold-ისთვის ლიცენზიის ვადის გახანგრძლივების საწინააღმდეგოდ სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აქციები გამართეს. გარდა ამისა, ისინი საყდრისზე სამუშაოების შეწყვეტას და მისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ.

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

საქართველოს პარლამენტმა 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა საყდრისის საკითხებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია.

მასალების გადაბეჭდვის წესი