ახალი ამბები

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა

6 ივლისი, 2019 • 1334
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ოთხივე პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. ამავე საქმეზე უკვე ბრალდებულია ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია. 

ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი პოლიციამ 4 ივლისს დააკავა. 

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვთ წაყენებული. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს ,პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს”, – აცხადებს პროკურატურა.

“აბსურდული ბრალდებაა. ერთადერთი ატომური იარაღის გამოყენება არა აქვს წარდგენილი, სხვა ყველაფერია. ძალადობა, რბევა და ასე შემდეგ”, – აცხადებს  ადვოკატი ვახტანგ იაშვილი, რომელიც ბესიკ თამლიანის ინტერესებს იცავს.

ადვოკატის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია იმის გამოც, რომ თამლიანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული სწორედ იმისთვის, რისთვისაც ახლა სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.

“როცა აქციის მერე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მოსმართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, მაშინვე პოლიციაც და მოსამართლეც, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახეს, უნდა გადაეკვალიფიცირებინათ”, – ამბობს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი