გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 1121 შემთხვევა გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 6 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ამ 1121 შემთხვევიდან 93 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
დეპარტამენტის თანახმად, ყველაზე მეტი ასეთი ფაქტი (447) კახეთში გამოავლინეს; სამეგრელო-ზემო სვანეთში — 88, იმერეთში — 119, გურიაში — 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 18, აჭარაში — 100, მცხეთა-მთიანეთში — 32, შიდა ქართლში — 57, ქვემო ქართლის მასშტაბით — 102, სამცხე-ჯავახეთში — 130, ხოლო თბილისში — 12.
„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე“, — წერს სამინისტრო. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, — 2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, — „დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი“.