ეკონომიკა

მინისტრი: რძის ნაწარმის ექსპორტის რესურსი არ გვაქვს

10 მარტი, 2022 • 3006
მინისტრი: რძის ნაწარმის ექსპორტის რესურსი არ გვაქვს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული რძის ნაწარმის რუსეთში შესაძლო იმპორტზე მინისტრის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღესდღეობით ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია რძის ნაწარმის იმპორტზე, ქართულ საწარმოებს კი არ აქვთ რესურსი, სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განახორციელონ.

რაც შეეხება წინა განცხადებას, ოთარ შამუგიას თქმით, უწყების მიზანი და ამოცანაა, ფერმერებს ხელი შეუწყონ სხვადასხვა ბაზრებზე წვდომაში, მათ შორის, მინისტრის განცხადებით, 2020 წელს შედგა კომუნიკაცია ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთან შესაძლო იმპორტთან დაკავშირებით, რომელზე პასუხიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს:

„მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, ჩვენს ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან ამერიკაში შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად.

ამ მიმართულებებით გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც – თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, 9-ჯერ გაიზარდა თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალური არ მგონია, რომ იყოს”, -ამბობს ოთარ შამუგია.

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას დართავდა“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთან, „რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.

სააგენტოს თანახმად, ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, არაერთ ქვეყანასთან ახორციელებენ მოლაპარაკებებს ცხოველური პროდუქტების ექსპორტის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი