ახალი ამბები

ნინო სუხიშვილი: ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია

5 ივლისი, 2019 • 8067
ნინო სუხიშვილი: ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია

ნინო სუხიშვილი ქართულ-შვედური გეი დრამის  “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის ბრალდებების ნაწილს სიცრუეს უწოდებს, თუმცა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ  “ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი” არ ჰქოლიათ. 

გარდიანთან საუბრისას აკინი ნინო სუხიშვილს ახსენებს და ამბობს, რომ ფილმის გადაღებების პროცესში ხელი შეუშალა:

“საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა მხარი არ დაუჭირა ფილმს იმის შემდეგაც კი, რაც კანში მოვხვდით. გადაღებამდე ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს, საქართველოს ეროვნული ბალეტიდან, და მისი რეაქცია შემდეგნაირი იყო : “რატომ არ შეუძლია მას [ფილმის მთავარ პერსონაჟს] შეუყვარდეს გოგო? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. ჩვენ ის ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ მან გადაწყვიტა ჩვენთვის მხარი არ დაეჭირა.

გარდა ამისა, შემდგომ გავიგეთ, რომ მან მიმართა სხვა საცეკვაო კომპანიებსაც და აუკრძალა მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა, უთხრა მათ, რომ აღარასდროს იცეკვებდნენ. შესაბამისად, ზეგავლენა გაიზარდა. ჩვენ ბევრი გადასაღები ლოკაცია დავკარგეთ, ამიტომ რამდენიმე დღით ადრე “ადგილის განახლება“ მოგვიწია”, – ამბობს აკინი.

“ნეტგაზეთი” ნინო სუხიშვილს ვერ დაუკავშირდა, იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში კი სიცრუეს უწოდებს იმას, რომ რეჟისორს დაუბლოკა სხვა  სტუდიების მოცეკვავეები:

“აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი, რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით, როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი?”

ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ რეჟისორს სუხიშვილების ბაზაზე ფილმის გადაღებაზე უარი უთხრა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ: 

“ მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?”

“მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი”, – აცხადებს ნინო სუხიშვილი პრაიმ ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი