ახალი ამბები

პროტესტის მე-17 დღეს, ივანიშვილის სასახლემდე “თავისუფლების მარში” გაიმართება

5 ივლისი, 2019 • 895
პროტესტის მე-17 დღეს, ივანიშვილის სასახლემდე “თავისუფლების მარში” გაიმართება

6 ივლისს, თბილისში დაწყებული დემონსტრაციების მე-17 დღეს, რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სასახლემდე მსვლელობას მოაწყობენ. 

ამის შესახებ 5 ივლისის აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

დემონსტრანტები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის  შოთა დიღმელაშვილის თქმით, საპროტესტო აქციები შს მინისტ გიორგი გახარიას გადადგომამდე გაგრძელდება და აქციის მონაწილეები დისკომფორტს შეუქმნიან მთავრობის წევრებს ყველგან, სადაც ისინი იქნებიან. 

დიღმელაშვილის თქმით, გუშინ რუსთაველზე მიმდინარე კონცერტის პარალელურად, აქტივისტებმა შეიტყვეს, რომელ რესტორნებში ვახშმობდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე და მათ პიკეტირება მოუწყვეს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, ზოგიერთის მოწოდების მიუხედავად, აქციის რადიკალიზაცია არ იგეგმება.

“როგორც იყო Occupie Wall Street, ისე ჩვენ რუსთაველის ოკუპაციას ვახდენთ. იქნება პიკეტირებები. მოვახერხებთ რომ ვიყოთ დღის მთავარი ამბავი ყოველდღე. ამავდროულად, ჩვენ გამარჯვებებზე არ მიგვიყვანს რადიკალიზაცია და მოთხოვნების შეცვლა. ეს არის ეფექტიანი მოდელი. ჩვენ ცივილიზებულობით ვაჯობებთ ბარბაროსებს”,- განაცხადა დიღმელაშვილმა.


ივანიშვილის სახლამდე დემონსტრანტებმა ერთხელ უკვე გამართეს მშვიდობიანი მსვლელობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი