ახალი ამბები

„მუხროვანის ამბოხი“ ცხრა თვის შემდეგ – სტატია „ბათუმელების“ არქივიდან

29 იანვარი, 2014 • 5550
„მუხროვანის ამბოხი“ ცხრა თვის შემდეგ – სტატია „ბათუმელების“ არქივიდან

ლევან ამირიძე, რომელმაც აგვისტოს ომის დროს თავის ბატალიონთან ერთად რამდენიმე კვირა ომში გაატარა, გასული წლის 29 დეკემბრამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა. ბოლო სასამართლო პროცესზე კი მან თქვა: „ჩემი ბატალიონი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ისიც კი არ გვითხრეს, რომ (ქართული სამხედრო შენაერთები) უკან იხევდნენ. ჩვენ მტრის ზურგში, 30 კილომეტრის სიღრმეში, 27 აგვისტომდე დავრჩით. ჩვენ დანაკარგების გარეშე შევასრულეთ ყველა ამოცანა… ჩვენმა ბატალიონმა ჩამოგდებული თU-22 სტრატეგიული ბომბდამშენის ორი რუსი პილოტი აიყვანა… ამის მიუხედავად, არავის აზრად არ მოსვლია, მოსულიყო და მოეკითხა ეს ბატალიონი“.

თავდაპირველად სასამართლოზე შოთა გორგიაშვილმა აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული ორივე ბრალდება – ამბოხი ხელისუფლების დამხობის მიზნით და დაუმორჩილებლობა, სექტემბრის ბოლოს კი მან შეცვალა პოზიცია და სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში ცნობდა.

გორგიაშვილმა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა იმაზე, რომ მის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება საჯარო გამხდარიყო. მან თავის ბოლო სიტყვაში თქვა: „აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ყველა – სამხედროები, ოფიცრები, ამაზე ერთმანეთში ვსაუბრობდით. მე არასდროს დამიმალავს ჩემი უკმაყოფილება და ვერ წარმომიდგენია ერთი ოფიცერიც კი, რომელიც კმაყოფილი იქნებოდა წაგებული ომით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც აგვისტოში ომის დროს მოხდა. ამის გამოხატვა მოხდა მუხროვანში ჩემი მხრიდან“.

თავის დასკვნით სიტყვაში კობა ოთანაძემ, რომელმაც ასევე განაცხადა უარი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე, უარყო მის მიმართ არსებული ბრალდებები და განაცხადა, რომ შეთქმულების დაგეგმვის შემთხვევაშიც კი, იგი საქმეს არ დაიჭერდა ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმე გია ღვალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ღვალაძე წარსულში სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებში მსახურობდა, მას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნდა და ოთანაძე სწორედ ამ ფაქტს გულისხმობდა, როდესაც აცხადებდა, რომ ღვალაძეს გამოცდილება არ ჰქონდა.

„… გაოგნებული ვარ; ვერ გავიგე, რა ხდება… ღვალაძემ თითი დაადო ვიღაცას და ეს გახდა ყველაფრის საფუძველი“, –  განუცხადა კობალაძემ სასამართლოს 29 დეკემბერს. კობა კობალაძემ სასამართლოში გამოთქვა იმედი, რომ მას გაამართლებენ. ის მართლაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მუხროვანის ამბოხების პრეისტორია ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით ასეთია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 2009 წლის 5 მაისს (როცა ამბოხებაში ბრალდებულები დააკავეს) პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამინისტრომ ჩაშალა „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმა, რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.

„როგორც ჩანს, ეს გეგმა იყო კოორდინირებული რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას“,  – განაცხადა უტიაშვილმა.

ტელევიზიებით ნაჩვენებ კადრებში სამხედრო ბაზაზე ჩანდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. „მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსეთთან კავშირში…“ – აღნიშნა ვანო  მერაბიშვილმა. როდესაც მერაბიშვილმა კობალაძის სახელი ახსენა, სააკაშვილმა შეაწყვეტინა და განაცხადა: „გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე“.

„ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით… ამ ხალხს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კიდევ ერთ ვიდეომასალაში სააკაშვილი მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხაზზე დამწკრივებულ ჯარისკაცებს ესაუბრება: „რა უნდოდათ სხვადასხვა კრიმინალებს და ბანდიტებს თქვენს ნაწილში?“.

„ხომ არ ეგონათ თქვენ ბრიყვ მეთაურებს, რომ მე ვარ შევარდნაძე“, – მიმართა სააკაშვილმა ჯარისკაცებს. მას მუხროვანში შევარდნაძის მმართველობის დროს მომხდარი ამბოხება ჰქონდა მხედველობაში.

მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში არც ერთ საქმეში არ არის ნახსენები რუსეთი და მასთან დაკავშირებული „ამბოხების კოორდინირებული გეგმა“.

მუხროვანის საქმეში 41 განსასჯელი ფიგურირებდა. მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დააკისრა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს – სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი