როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ოთხივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე დღესვე გათავისუფლდება. შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, სად გადაიყვანეს დაკავებული პარტიზანი მებაღეები. თავად გარემოს დამცველების ცნობით, ისინი კვლავაც საპატრულო მანქანაში იმყოფებიან.
“პარტიზანი მებაღეების” ოთხი წარმომადგენელი, მათ შორის ნატა ფერაძე და მზია ნადარაია, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობასთან დღეს, 30 დეკემბერს “პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებდნენ, დააკავეს.
“პარტიზანი მებაღეები” დედაქალაქში, კერძოდ, სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხის გადადებას ითხოვენ, რაც, მათი განმარტებით, “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდება და ამ პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვენ.
დაკავებამდე აქციის მონაწილეებმა საკრებულოს მთავარი შესასვლელი გადაკეტეს. მანამდე თბილისის საკრებულოს შენობიდან “პარტიზანი მებაღეების” რამდენიმე წარმომადგენელი გააძევეს. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს წევრებსა და “პარტიზან მებაღეებს” შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.