ახალი ამბები

პოლიცია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო, მთავარი არაა, ვინ გასცა დაშლის ბრძანება- მეზვრიშვილი

4 ივლისი, 2019 • 1070
პოლიცია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო, მთავარი არაა, ვინ გასცა დაშლის  ბრძანება- მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, ვის გასცა 20 ივნისს მიტინგის დაშლის ბრძანება. მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისს ღამეს სამართალდამცველების გარკვეული მოქმედებების განხორციელება ბრძანების გარეშე შეუძლებელი იყო, თუმცა იყო სიტუაციაც, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებდა.

“რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, არამედ ქართული პოლიციისთვისაც და პირადად ჩემთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ოკუპაცია და  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მძიმე საკითხი აღელვებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ, არამედ თითოეულ პოლიციელს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები ცდილობენ შს მინისტრის სახელის დისკრედიტაციას, პოლიციის თანამშრომლების დაშინებას და სისტემის შიგნით დაძაბულობის შეტანას. მეზვრიშვილის თქმით, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესშია, გამოძიება მალე დასრულდეს, მაგრამ საკმაოდ მძიმე და მოცულობითი საქმეა, 48 საათში გამოძიება ვერ დასრულდება.

“აქ მთავარი საკითხი არ არის, იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და მე საკითხს ასე დავაყენებდი – იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი, როდესაც  პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე,  როდესაც პოლიციელზე მოაქვთ იერიში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როდესაც პოლიციელებს კორდონიდან
იტაცებენ… ყველამ იხილა ის ფაქტი, როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს, როგორ იტაცებდნენ კორდონიდან, როგორ ხდებოდა მათი განიარაღება. მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? – რა თქმა უნდა არა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კანონით შეიძლება როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე.

“იყო გარკვეული ქმედებები, რომლის განხორციელებაც კანონით, ბრძანების გარეშე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, და იყო გარკვეული ქმედებები პოლიციელების მხრიდან, რომელთა დაკავშირებითაც პოლიციას დაუყოვნებლივ მოქმედების შესაძლებლობა აქვს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება”, – აღნიშნა მან.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, უდანაშაულო პოლიციელები “სახალხო წესით” გაასამართლონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ გადაცდომებზე შედეგები არ დადგება.

მეზვრიშვილის თქმით, 20 ივნისის ღონისძიებაში მხოლოდ შს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“გარკვეული სპეციალური საშუალებები, რომლებიც საჭიროებდნენ შესაბამისი პირების მიერ გადაწყვეტილების მიღებას, ამ საკითხებზე, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება მოხდა. რაც შეეხება ტყვიებთან და ამ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პოლიციელების მოქმედებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში – ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ და სრულიად ლეგიტიმურია ის, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს, ვგულისხმობ, საერთო ჯამში, ოპერაციას და არ ვგულისხმობ კონკრეტულ გადაცდომებს. ოპერაცია იყო ლეგიტიმური, იყო პროპორციული და, საერთო ჯამში, კითხვები არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი