ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ბორდერიზაციის” გამანადგურებელი გავლენა – ლევან ასათიანი Amnesty International-ის ახალ კვლევაზე

4 ივლისი, 2019 • 4229
“ბორდერიზაციის” გამანადგურებელი გავლენა – ლევან ასათიანი Amnesty International-ის ახალ კვლევაზე

საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტიდან დღემდე, სამხრეთ ოსეთზე/ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე საერთო ეფექტური კონტროლი კვლავ რუსეთის ფედერაციას აქვს. „ბორდერიზაციას“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ერთნაირი უარყოფითი გავლენა აღმოაჩნდა. სწორედ ამ გავლენებზე გვესაუბრება ლევან ასათიანი, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაციამ ერთწლიანი კვლევის, სახელწოდებით “ბორდერიზაციით” გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში”, პრეზენტაცია ერთდროულად ორ ქალაქში – თბილისსა და მოსკოვში გამართა. 

ბატონო ლევან, ბოლო დღეების მოვლენებზე მინდა გკითხოთ, გალიდან აბიტურიენტების გადმოპარვის შემთხვევებზე და იმ ფაქტებზე, როდესაც ადამიანებს, საფრთხის მიუხედავად, რისკზე წასვლა და მავთულხლართებზე გადმოსვლა უწევთ. 2009 წლიდან დღემდე როგორია თქვენი ორგანიზაციის მიერ შეფასება ამ კუთხით, წლიდან წლამდე რთულდება გადაადგილება?

დიახ, უფრო რთულდება. “ბორდერიზაცია” ჯერ მცირე ადგილებში დაიწყო და დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო განზრახვა სრული ზონის “ბორდერიზაციაა”. რაც უფრო იზრდება ფიზიკური ბარიერები, მით ნაკლებად ცდილობენ ეს ადამიანები გადმოპარვას. დღეს გვაქვს ეს მკაცრი რეჟიმი, რომლის პირობებში ადამიანებს არ აქვთ აქეთ გადმოსვლის საშუალება.

და რის პასუხად ხდება ეს, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში? 

ეს ზოგადად რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც დაიწყო და გრძელდება დღემდე. 2009 წელს ჯერ ამის ნიშნები გამოჩნდა, 2013 წელს  – უკვე მავთულხლართები და აღმნიშვნელი ბანერები. რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო საზღვარი, შესაბამისად, აცახდებს ცალხმრივ დემარკაციას, მაგრამ ამის მიღმა არის პოლიტიკური მიზეზები, პირველ რიგში, ეს არის წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე, ხალხთა შორის კავშირის გახლეჩვა და ნაკლები ინტეგრაცია მომავალში.

გვიამბეთ იმ კვლევაზე, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ მოამზადა და თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად გამართეთ მისი პრეზენტაციები. 

ეს 60-გვერდიანი ანგარიში ეფუძნება ერთწლიან კვლევას, რომელიც ააშკარავებს რუსეთის მიერ განხორციელებული “ბორდერიზაციის” გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ასობით და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უკანონოდ აკავებენ, ართმევენ სახნავ-სათეს მიწებს, უკრძალავენ ნათესავებთან კონტაქტს, არ უშვებენ წინაპრების სასაფლაოებსა და სალოცავებთან.

ეს კვლევა რეალურად ააშკარავებს რუსეთის ფედერაციის ძალების განხორციელებული “ბორდერიზაციის” გამანადგურებელ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე და ზოგადად, ადამიანის უფლებებზე საქართველოში.

კონკრეტულად, ეს ანგარიში ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზებთან ახლოს, ორივე მხარეს, როგორც თბილისის მიერ კონტროლირებად, ასევე, რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ კონტროლირებად მხარეს.

წარმოდგენილია ისტორიები და დოკუმენტირებული ამბები, რომლებიც მოგვითხრობენ გადაადგილების თავსუფლების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ადამიანებსი მიერ საარსებო წყაროების დაკარგვაზე, სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების რუსი ჯარისკაცების მიერ მიტაცებაზე, საუბარია ოჯახური უფლების შეზღუდვაზე, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ასობით ადამიანს არ აქვს წვდომა ტრადიციულ ქართულ ეკლესიებზე, ასევე, საგვარეულო სასაფლაოებზე ამ სოფლებში.

დოკუმენტში შესულია ასევე რეკომენდაციები, ვის მიმართ არის შემუშავებული ისინი და რა სახისაა?

რეკომენდაციებია შემუშავებული, უმეტესწილად, რუსეთის ფედერაციის მიმართ, ოკუპაციური რეჟიმის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო სამართალში აქვს გარკვეული მოვალეობები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართ.

უპირველესი რეკომენდაციაა, არის რა თქმა უნდა, გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის შემსუბუქება, რომ იმ სამოქალაქო პირებმა, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მოახერხონ ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება და არ ეშინოდეთ უკანონო დაკავებების. ამიტომ რეკომენდაცია მიცემულია როგორც რუსეთის ხელისუფლების მიმართ, ასევე, დე ფაქტო მთავრობების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანის უფლება, გენურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, უნდა დაიცვან ამ ტერიტორიებზე, რომ უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.

ასევე რეკომენდაციებია გაცემული საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არ მიიღოს ის მწვავე ჰუმანიტარული სიტუაცია, როგორც შემდგარი ფაქტი, ამ რეგიონებისთვის და ეცადოს, რომ ეს სამწუხარო რეალობა გამოსწორდეს. ყოველთვის, როდესაც მათ ექნებათ შეხვედრები რუსეთის ხელისუფლებასთან, მოუწოდონ მათ, რომ შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

იმ აქტორებმა რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან  რუსეთთან დიალოგში, აუცილებლად ყოველთვის შეიტანონ განსახილველ საკითხებში ის რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, რაც არის შექმნილი საქართველოში “ბორდერიზაციის” შედეგად. განსაკუთრებით ევროკავშირს ეხება ეს რეკომენდაცია, ვინაიდან სწორედ ევროკავშირის მედიაციით მოხდა შეთანხმების გაფორმება სამხედრო კონფლიქტის დამთავრებაზე 2008 წელს. ჩვენ ვხედავთ, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტები არ სრულდება გარკვეული მხარეების მიერ.

ევროკავშირს განსაკუთრებული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა აკისრია იმაზე, რომ ის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა რამენაირად გამოასწოროს და ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

ასევე მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გააგრძელოს მოწოდებები რუსეთის ფედერაციის მიმართ კონკრეტულად EUMM-ის მისიის დაშვებაზე. ერთ -ერთი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ამ ხაზის მიღმა არ აქვთ წვდომა საერთაშორისო მისიებს და, შესაბამისად, არ იციან ამ ადამიანებმა, პრობლემის შემთხვევაში, ვის მიმართონ და ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ასევე, რეკომენდაციებია გაცემული ქართულ მხარესთან. იმ ასპექტში, რომ გამოყოს მეტი დახმარება იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და სხვა უფლებები გაუარესდა ბორდერიზაციის შედეგად.

კვლევა მოიცავს პერიოდს 2009 წლიდან, როდესაც ბორდერიზაციის პირველი ნიშნები დაიწყო. ფაქტიურად, ბოლო 10 წელია შესული, ის პერიოდი, როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მორჩა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაცია იქ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაიმე კუთხით გაუმჯობესდა.

კვლევის პერიოდში ესაუბრეთ თუ არა დე ფაქტო ხელმძღვანელობებს?

ამ ტერიტორიებზე წვდომა არის პრობლემა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, მათ შორის, Amnesty International-სთვის.  ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან და გვქონდა სურვილი, რომ ჩვენი წარმომადგენლები შესულიყვნენ ამ ტერიტორიებზე, რომ გამყოფი ხაზის მიღმაც ფიზიკურად ვყოფილიყავით და ისე ჩატარებულიყო ეს კვლევა, თუმცა ასეთი თანხმობა ვერ მივიღეთ მათგან.

შესაბამისად, ვეცადეთ, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზს მიღმა, კონკრეტულად გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობას შევხვედროდით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ მათი წუხილებიც ასახულიყო ამ ანგარიშში.

ახალგორის მუნიციპალური შენობის სახურავზე სამხრეთ ოსეთის ე.წ. დროშა აღმართეს © EPA/DMITRY KHRUPOV

რას ჰყვებიან ეს ადამიანები?

დაზარალებულთა მონათხრობები შეჯერებულია სხვადასხვა შეხვედრებით, რომლებიც ჩვენ გვქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვედრები თბილისში ბაზირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის UNHCR-სა და EUMM-თან, ასევე, სხვადასხვა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღეთ ღია წყაროები, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა და სატელიტური სურათები, რაც მრავლად არის წარმოდგენილი ანგარიშში კონტექსტისა და ზოგადი სიტუაციაზე წარმოდგენის შესაქმნელად.

ზოგადად ბორდერიზაცია, ეს არის პროცესი, რომელიც იწყება ე.წ. ფიზიკური ბარიერების აშენებით ადმინისტრაციულ ხაზზე, რომელიც აქამდე იყო მხოლოდ რუკაზე დატანილი წყვეტილი ხაზი. განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, იმიტომ, რომ ის ტერიტორია, რასაც ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობა აკონტროლებდა 2008 წლის ომამდე, განსხვავდება იმ სიტუაციისგან, სადაც ახლა განლაგებული არიან ჯარები და სამხედრო მოსამსახურეები. შესაბამისად, გაცილებით რთული იყო ამ ადამიანებისთვის ის რეალობა, რომ უცბად ფიზიკური ბარიერები აღიმართა იმ ადგილებზე, სადაც მათ ყოველდღიურად უწევდათ გადაადგილება სხვადასხვა მიზნით.

როდესაც ჩვენ მივედით ამ რეგიონებში, ძალიან აშკარა გახდა, რომ ადამიანების ცხოვრება დრამატულად შეიცვალა ბორდერიზაციით.

უმეტესობა ადამიანებისა, ვინც ჩვენ შეგვხვდა ამ სოფლებში, არ იყო ახალგაზრდა. ახალგაზრდების უმეტესობა ტოვებს ამ სოფლებს. რთული პირობებია იმისთვის, რომ ადამიანებმა გააგრძელონ იქ ცხოვრება. იმის გამო, რომ ამ ადამიანებს მაინც უწევთ ამ ხაზების გადაკვეთა, ხშირია უკანონო დაკავებები. ყოველ წელს ასობით ადამიანს აკავებენ უკანონოდ. Amnesty International-ს მიაჩნია, რომ ეს დაკავებები არის უკანონო და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. შესაბამისად, ის ვალდებულება, რაც გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ასევე დე ფაქტო მთავრობებს, არის ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უკანონო დაკავებები. შესაბამისად, სამოქალაქო პირებზე არ გაავრცელონ ის მკაცრი გადაადგილების რეჟიმი, რაც არსებობს აღნიშნულ რეგიონებში.

როგორია და რას ამბობს ეს სტატისტიკა?

საინტერესო ასპექტი დაკავებების მხრიდან არის ის, რომ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული, რომელიც ცდილობს ამ რეგიონებიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, ვიდრე თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გადასვლას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბორდერიზაციას გამანადგურებელი შედეგები მოაქვს არა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ, იქითა მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის. ანუ ბორდერიზაცია რეალურად არის ყველას პრობლემა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ მცირე ფერმერები, რომლებიც ისტორიულად დამოკიდებული არიან იმ სახნავ-სათეს მიწებზე და საძოვრებზე, რომლებიც არსებობს ამ რეგიონში. შესაბამისად, მიწების ჩამორთმევა, რომელიც განხორციელდა რუსეთის  ფბს-ს ოფიცრების მიერ [სააგენტო, რომელიც ახორციელებს ბორდერიზაციას], ძალიან მწვავე პრობლემა შექმნა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხრივ.

შიდა ქართლის რეგიონი ისედაც ყველაზე ღარიბი რეგიონია საქართველოს რეგიონებს შორის და, შესაბამისად, “ბორდერიზაციამ” და საარსებო წყაროებზე წვდომის დაკარგვამ გააუარესა ამ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

დაახლოებით 800-დან 1000-მდე ოჯახმა დაკარგა წვდომა სახნავ-სათეს მიწებზე თუ საძოვრებზე და როდესაც ჩავედით სოფლებში და ვესაუბრეთ დაზარალებულებს, გვითხრეს, რომ თითო სოფელმა 10-დან 50 ჰექტარამდე მიწა დაკარგა. რაც მაღალი რიცხვია იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო- სამეურნეო მიწები ისედაც ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი საქართველოში და მათი გამოდევნა ამ სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან არის მათი განსახლება ამ ტერიტორიებიდან, რომელიც არის მიბმული მათ საცხოვრისზეც, ესეც არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

ამ ადამიანებმა ასევე გვიამბეს იმის შესახებ, რომ თავს გრძნობენ მიტოვებულად – როგორც დევნილები საკუთარ სახლებში, მათ შორის მიტოვებულად გრძნობენ თავს საქართველოს ხელისუფლების მიერ. ჩვენთვის ცნობილია და ანგარიშშიც ასახულია ის ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და სხვადასხვა დონორებმა განახორციელეს ამ ტერიტორიაზე, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, უკმაყოფილოა. ისინი ორი კუთხით გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ერთია სოციალური შემწეობის სიებიდან ნაწილის ამოღება და, ვთქვათ, მკაცრი კრიტერიუმების დატოვება. მათ სურთ, რომ ეს კრიტერიუმები მათთვის უფრო მოქნილი გახდეს, და მეორე, ეს არის ჯანდაცვის პაკეტები.

კიდევ ერთი საკითხი, რაც გამოიკვეთა – ეს “ბორდერიზაცია” რეალურად შუაზე ყოფს თემებს და ოჯახებს. განსაკუთრებით, როდესაც ეს “ბორდერიზაცია” განხორციელდა ცხინვალის მისამართით, ხშირი იყო ეთნიკური შერეული სოფლები.

არის შემთხვევები, როდესაც მოხუცი დედ-მამა დარჩა მავთულხლრთებს მიღმა და ახალგაზრდა შვილები ცხოვრობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ხედავენ ერთმანეთის სახლებს შორიდან და ერთმანეთთან მიმოსვლა რომ ჰქონდეთ, უნდა წავიდნენ ლარსისა და ვლადიკავკაზის გავლით, რაც არის წარმოუდგენელი შეზღუდვა როგორც გადაადგილების თავისუფლებაზე, ასევე, ოჯახური ცხოვრების უფლებაზე. მათ გვითხრეს, რომ ხშირად მავთულხლართებს მიღმა ერთმანეთთან საუბარიც ეკრძალებათ.

გალში, მაგალითად, არსებობს უძრავი ქონების ფლობაზე პრობლემები. ეს საკითხი შესულია თქვენს კვლევაში?

დიახ, ეს პრობლება არსებობს. გალში არის დისკრიმინაციული პოლიტიკა ეთნიკური ნიშნით, რომ ქართველებს არ შეუძლიათ საკუთრების განკარგვა და როდესაც მშობელი იღუპება, შვილი მას მემკვიდრეობით ვერ იღებს. ზოგადად, ბევრი თემაა, დევნილთა თემა, საცხოვრებელი ნებართვების თემა გალში, განათლების თემა, მაგრამ ეს ანგარიში შეეხო კონკრეტულად იმ თემებს, რომლებიც უშუალო კავშირშია “ბორდერიზაციასთან”.

ანგარიში ორივე ქალაქში, თბილისსა და მოსკოვში, ერთდროულად წარმოადგინეთ. ეს რამე სიმბოლური აქტია? და ასევე, ვინ ესწრებოდა ამ პრეზენტაციას რუსეთში?

მოსკოვში დახურული მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც რუსეთის არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვევა გაგზავნილი იყო ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დე ფაქტო მთავრობების საელჩოებშიც.


მასალების გადაბეჭდვის წესი