ახალი ამბები

ქართველი მორაგბეების ცნობით, სოლიდარობის ჟესტის გამო რუსული გუნდიდან გარიცხეს

3 ივლისი, 2019 • 1155
ქართველი მორაგბეების ცნობით, სოლიდარობის ჟესტის გამო რუსული გუნდიდან გარიცხეს

ორი ქართველი მორაგბე რუსული სარაგბო კლუბ „სლავადან“ გარიცხეს. რეზი ბროძელსა და საბა ილურიძეს კონტრაქტი მას შემდეგ გაუწყვიტეს, რაც „ყუბანთან“ გატანილი ლელოს დროს თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობის ნიშნად ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოეხმაურნენ.

როგორც რაგბი TV-სთან საუბრისას რეზი ბროძელი აცხადებს, მან საკუთარ ხალხს გამოუცხადა სოლიდარობა და არა პოლიტიკოსებს, ხოლო მათ ჩათვალეს, რომ ჟესტი პოლიტიკურად იყო დატვირთული და რუსეთზე ჰქონდა გართულება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს რაგბის კავშირს. როგორც პრეს-სამსახურში გვითხრეს, რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. მათ გამოითხოვეს ფაქტის ოფიციალური საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ რაიმე სახის კომენტარს.

მორაგბეების მიერ ნაჩვენები ჟესტი რუსთაველის გამზირზე 20 ივნისიდან დაწყებულ აქციებს უკავშირდება. მისი მესიჯია  – „ცალი თვალითაც გხედავ” და “ნუ გვაბრმავებთ”.

მსგავსი ნიშნით სოლიდარობა უკვე არაერთმა სპორტსმენტმა გამოხატა. ლოკომოტივის ფეხბურთელებმა ოთარ კობახიძემ და დავით ჯიქიამ ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს 22 ივნისის მატჩში გატანილი გოლი.

გარდა ამისა, ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები 22 ივნისს მატჩის დაწყებისას მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოვიდნენ. მოგვიანებით, ამის გამო რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა FIFA-სგან ქართველის სპორტსმენების დასჯაც კი მოითხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი