ახალი ამბები

რუსი დეპუტატი ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

3 ივლისი, 2019 • 1146
რუსი დეპუტატი ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების, კერძოდ, ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის წინადადებით გამოდის.

მისი თქმით, საქართველო პატარა ბავშვი არაა, რომელმაც რაღაც გააფუჭა და უნდა ეპატიოს.

“თითქმის 30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ზომები – სანქციები. მე საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. ეცინებათ, ასეთ ინფორმაციას რომ კითხულობენ. ვფიქრობ, უნდა ითქვას, რომ რადგან საქართველო მოიქცა ასე არამეგობრულად,  ჩვენ ჯერ არ გვინდა ვივაჭროთ მასთან. არ გვინდა, რომ თქვენ ფული გამოიმუშავოთ ამ ქვეყანაში. თუ თქვენ რუსეთს აგრესორად თვლით, კეთლი ინებეთ, სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია”, – განაცხადა ჯაბაროვმა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების გამო ეკონომიკური შედეგები უნდა იგრძნოს.

“თუ ვერ იგძნობს, რომ ამით დაზარალდა, მეორედაც იგივეს გაიმეორებს. ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში მიზერულია და ეს ნიშა შეივსება ჩილეს, ფრანგული თუ იტალიური ღვინით. ბოლო დროს ჩვენც შესანიშნავ ღვინოს ვაწარმოებთ”, – აღნიშნა მან.

ამასთან, დეპუტატის თქმით, სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ, პირველ რიგში, ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოში ფრენები.  ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

ანტისაოკუპაციო გამოსვლები 19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლება სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ამავდროულად, პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი