ახალი ამბები

“სირცხვილია 13.0” – რუსთაველზე აქციის მე-13 დღე დაიწყო

2 ივლისი, 2019 • 987
“სირცხვილია 13.0” – რუსთაველზე აქციის მე-13 დღე დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკვე მე-13 დღეა მიმდინარეობს საპორტესტო აქცია ერთადერთი მოთხოვნით – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

“შეგვისრულეთ მესამე მოთხოვნა და შეწყდება თქვენი რეიტინგის თავდაღმართში სიარული”, – ასე მიმართა სცენიდან ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას სცენიდან.

მისივე თქმით, გახარია არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ტვირთი და “მას არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან 17 წლის გოგოებს თვალები დათხარა”.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, დროთა განმავლობაში შეიცვლება აქციის ფორმატი, თუმცა იქნება პერმამენტული – აქციები არ შეწყდება და გარკვეული პერიოდულობით გაიმართება “თავისუფლების მარშებიც”.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

ვინ არიან პარლემენტთან აქციების ორგანიზატორები და რა გეგმები აქვთ — ინტერვიუ შოთა დიღმელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი