ახალი ამბები

ივნისში ტურისტების ვიზიტებით რუსეთი ლიდერობს

2 ივლისი, 2019 • 1178
ივნისში ტურისტების ვიზიტებით რუსეთი ლიდერობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში საქართველოში  საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 20.2%-ით გაიზარდა და, ჯამში,  873 966  შეადგინა.  უწყების ცნობითვე, ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან განხორციელდა. ამასთან, ივნისში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 30.8%-ით გაიზარდა.

“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც [ივნისში] საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო  +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა,” – წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, 2019 წლის იანვარ-ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2 127 142 შეადგინა, რაც 193 368-ით მეტია 2018 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე. ადმინისტრაციის საიტზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ივნისის მონაცემები ჩაშლილად. აქედან გამომდინარე, რამდენი ვიზიტი განხორციელდა რუსეთიდან ან ევროკავშირის ქვეყნებიდან, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნულ მონაცემებში ასახული ვერ იქნება რუსეთის ტურისტული ემბარგოს შედეგები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ივნისის ბოლოდან დაუწესა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი