ახალი ამბები

18 წლამდე პირები მხოლოდ მოპედის, კვადროციკლისა და ტრაქტორის მართვის მოწმობებს აიღებენ

2 ივლისი, 2019 • 6714
18 წლამდე პირები მხოლოდ მოპედის, კვადროციკლისა და ტრაქტორის მართვის მოწმობებს აიღებენ

საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებენ. ამ დრომდე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება 17 წლის მოზარდებსაც შეეძლოთ.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, 18 წლამდე პირებს მხოლოდ მოპედის, კვადროციკლისა და ტრაქტორის მართვის მოწმობების აღება შეეძლებათ, თუმცა- სამუშაოდ და არა მგზავრთა გადასაყვანად.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი - დააკლიკეთ

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. ამავე კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

როგორც კანონპროექტით ირკვევა, „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან.

იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას”, – განმარტავს შსს.

კანონპროექტით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკის 17-დან 18 წლამდე გაზრდით არის განპირობებული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ამოღებაც. აღნიშნული პუნქტების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს ეკრძალებოდათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა.

თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. როგორც შსს განმარტავს, მიზანშეწონილი არ არის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდოთ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით შემოსავლის მისაღებად მგზავრთა გადაყვანა კი შეუძლებელია.

დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არარელევანტურია და, შესაბამისად, ხდება მათი ამოღება”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ხდება სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების დეფინიციების, ასევე ამა თუ იმ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.

კანოპროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით).

ამასთანავე, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ჩააბარებს (მიიღებს დადებით შეფასებას) 2019 წლის პირველ ივლისამდე, მის მიმართ გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის პირველ ივლისამდე არსებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები პრაქტიკულ გამოცდასაც ჩააბარებენ წინამდებარე ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესით.

აღნიშნული კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც (კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე), რომლის განმავლობაშიც AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს).

კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში, ასევე, დასაშვებია AM კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში. კანონპროექტით, გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი