თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია “სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ნეტგაზეთს სასამართლოში განუცხადეს, დამფუძნებელ დირექტორ,ს გივი ჯიბლაძეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიესაჯა, ხოლო მეორე დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს – 6 წლით და 6 თვით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები 2018 წელს დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები, გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე დააკავეს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დეველოპერული კომპანია “სვეტის” მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.
უწყების თქმით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
“სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულები მხოლოდ ერთ ობიექტზე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
“გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი.