ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ ჭამისას “ნიკორას“ პელმენში ვირთხის ფეხი იპოვა

2 ივლისი, 2019 • 3001
მოქალაქე ამბობს, რომ ჭამისას “ნიკორას“ პელმენში ვირთხის ფეხი იპოვა

მოქალაქე ამბობს, რომ “ნიკორაში“ შეძენილ პელმენში ცხოველის, სავარაუდოდ, ვირთხის თათი იმ დროს იპოვა, როცა ამ პელმენს ჭამდა. ამის ამსახველი ფოტო ფეისბუკზე დაზარალებულის მეგობარმა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დაზარალებულის ახლობელს, რომელიც მომხდარის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა. რუსკა შონია გვიყვება, რომ ხორციანი პელმენები გვიან ღამით “ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში შეიძინეს, მოხარშვის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მასში ვირთხის ფეხი იყო.

“პირველი ამ გოგომ დაიწყო ჭამა და მითხრა, რაღაც ძვალივით მომყვა და რთულად იღეჭებაო. შემდეგ კი დავინახეთ, რომ პირში ამ ცხოველის, როგორც ჩანს, ვირთხის თათი ჰქონდა“, – ამბობს რუსკა შონია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მომხდარის გამო დაზარალებულს პირღებინება დაიწყო, რის გამოც მათ სასწრაფო გამოიძახეს.

“ექიმება გვითხრეს, რომ ორგანიზმის ამგვარი რეაქციის გამო ინტოქსიკაცია არ დამდგარა“, – ამბობს შონია და ამატებს, რომ მათ უკვე დაუკავშირდნენ “ნიკორასგან“, ხოლო პროდუქტს ექსპერტიზაზე გაიტანენ.

რაც შეეხება თავად “ნიკორას“, კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ პელმენებს ექსპერტიზას მართლაც ჩაუტარებენ.

“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფაქტთან დაკავშირებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. პროდუქტს ჩაუტარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შედეგები ეცნობება საზოგადოებას. მანამდე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საწარმო, სადაც ხორციელდება წარმოების პროცესი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, მასში დაცულია ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და კონტროლდება როგორც შიდა, ისე გარე კონტრაქტორი სანტინარულ-ჰიგიენური სამსახურის მიერ”, – ნათქვამია “ნიკორას” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი