ახალი ამბები

მარგველაშვილი: პუტინს შევხვდები, თუ იქნება დღის წესრიგი, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობას

26 დეკემბერი, 2014 • • 1236
მარგველაშვილი: პუტინს შევხვდები, თუ იქნება დღის წესრიგი, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობას

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. 

 

გადაცემის წამყვანის კითხვას, არის თუ არა პუტინი მტერი, მან ასე უპასუხა: 

 

“პუტინი არის ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც ჩვენ, მე, უნდა განვხილო და შევეცადო დავალაგო რუსულ-ქართული ურთიერთობები. აი, ეს არის ჩემთვის პუტინი. პოლიტიკა რუსეთის რომ მტრული და აგრესიულია საქართველოს მიმართ, ეს ყველამ ვიცით. პუტინი ჩემთვის არის ადამიანი, რომელთანაც, იმედი მაქვს, რაღაც ეტაპზე დალაგდება რაციონალური ურთიერთობა. ამ რაციონალური ურთიერთობის დალაგებამდე მე არ მინდა არც გავაფუჭო ურთიერთობა ზედმეტის თქმით და არც დავატკბო ზედმეტად. ბუნებრივია, პუტინს შევხვდები, თუ იქნება დღის წესრიგი, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს. სხვა რა ვითარებაში შეიძლება მოხდეს ჩვენი შეხვედრა?”   

 

საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი არსებობს: 

 

“ორი ფორმატია დღეს რუსეთთან ურთიერთობის: ერთი ეს არის ჟენევის ფორმატი, მეორე ეს არის აბაშიძე-კარასინის დიალოგი. ამ ფორმატებში გარკვეული საკითხები განიხილება. ბუნებრივია, პრეზიდენტების შეხვედრა ამ ფორმატების ზევით საკითხებს უნდა შეეხებოდეს. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა, რომელიც უკავშირდება ჩვენს დევნილ მოსახლეობას. გაეროში პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მეტი ქვეყანა გვიჭერს მხარს. არის თემები, რომელიც ამ დიალოგებზე ცოტა მაღლა არის. თუ ვართ ამ თემებზე მზად სასაუბროდ, ბუნებრივია, ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს. “

მასალების გადაბეჭდვის წესი