ახალი ამბები

კარასინი: ჩვენს ტრადიციებში არაა ჩვენი მისამართით თავხედობისა და მუქარის გადაყლაპვა

2 ივლისი, 2019 • 1264
კარასინი: ჩვენს ტრადიციებში არაა ჩვენი მისამართით თავხედობისა და მუქარის გადაყლაპვა

„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს აქვს თავისი წარმოდგენა პატივსა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარის გადაყლაპვა. ჩვენ იძულებული ვართ წინასწარ გავთვალოთ და დავბლოკოთ რისკები. იმედი მაქვს, ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ გონზე მოიყვანა ისინი, ვისაც ცინიკურად უნდა პოლიტიკური ქულების მოპოვება ანტირუსული რიტორიკისა და მუქარის ხარჯზე“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

კარასინი საქართველოში მიმდინარე აქციებს „სააკაშვილის სკოლის რადიკალების“ მიერ ანტირუსული მიმართულებით შემობრუნებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ პროცესებმა დარტყმის ქვეშ დააყენა 2012 წლიდან დამდგარი ქართულ-რუსული ურთიერთობების „პოზიტიური“ შედეგი.

ინტერვიუში კარასინი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლის დროებითი აკრძალვა „მკაცრი და ადეკვატური რეაქცია“ იყო. „საუბარია ასობით ათას ტურისტზე… მათ რჩებათ შესაძლობლობა თავად გადაწყვიტონ [წავიდნენ თუ არა დასავენებლად საქართველოში], მაგრამ სახელმწიფოს ამოცანაა იდგეს ჩვენი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი“ ,- ამბობს კარასინი.

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

კარასინი ინტერვიუში ასევე საუბრობს, იმის შესახებ, რომ განიხილებოდა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში და რუსეთი „მზად იყო ამისთვის“, თუმცა კარასინი დასძენს, რომ „მოგვიწევს მოცდა უკეთეს დრომდე“.

„კომერსანტის“ ჟურნალისტმა კარასინს ჰკითხა იმის შესახებაც, რომ საქართველოში აქციებზე ბევრი ახალგაზრდა დგას და მათი უმრავლესობა არასოდეს ყოფილა რუსეთში სწორედ იმიტომ, რომ რუსეთს სავიზო რეჟიმი აქვს საქართველოსთან. „ისინი რუსეთს არ იცნობენ და ამიტომაც იოლად მიდიან მის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

„ჩვენ სავიზო რეჟიმი [საქართველოსთან] გავხადეთ მაქსიმალურად ლიბერალური. წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან რუსეთში… ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ აქ ვიზის ფაქტორია. ახალგაზრდები მოექცნენ პროვოკატორების გავლენის ქვეშ,  რომლებმაც ოსტატურად გადაიტანეს შიდაპოლიტიკური ბრძოლა ანტირუსულ კალაპოტში. მე მგონია, რომ თბილისში მიხვდნენ ამას“, – ამბობს კარასინი.

___________________________

რა მოხდა

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად“ შეაფასა და „უსაფრთხოების“  საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი