ახალი ამბები

“სირცხვილია! 12.0” – აქციის მე-12 დღე პარლამენტთან

1 ივლისი, 2019 • 1057
“სირცხვილია! 12.0” – აქციის მე-12 დღე პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ერთადერთი მთავარი მოთხოვნა დარჩა – “გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია!”.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა, რომ გახარიას გადადგომამდე ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევენ უკან.

“დღეს ხომ არის 12.0? ხვალ იქნება 13.0 და ასე შემდეგ. რაც უფრო გაწელავენ, მით უფრო გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდებიან”, – თქვა დიღმელაშვილმა. მან მიმართა ხელისუფლებას, რომ ახალგაზრდობასთან წავიდნენ დათმობაზე.

დიღმელაშვილის თქმით, აუცილებელი არ არის, ხალხის რაოდენობის გამო ყოველდღე გადაიკეტოს რუსთაველი. მისივე განმარტებით, მთავარია, აქციები არ შეწყდეს გახარიას გადადგომამდე, პროტესტმა კი, შეიძლება, სხვადასხვა ფორმა მიიღოს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი