ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები მასთან ბოლო შეხვედრიდან კმაყოფილები წავიდნენ და მადლობაც გადაუხადეს:
რაც შეეხება ლუდს, აქციზის გადასახადი 1 ლიტრზე 40 თეთრია, ხოლო 1 ლიტრ ეთილის სპირტზე –2,5 ლარი.
“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ლუდის აქციზთან დაკავშირებით, რადგან დღეს დაისვა ეს საკითხი. პირადად მე 5-ჯერ შევხვდი ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს, მათ შორის 23 ოქტომბერს, 17 ნოემბერს, 24 ნოემბერს და 2 დეკემბერს. გარდა ამისა, შეხვედრა ჰქონდათ ჩემს მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს. ოთხივე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი იყო ჩემთან. მათთან კომუნიკაციის მეშვეობით ბოლო შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით და მინდა გითხრათ, რომ მადლობით წავიდნენ ჩემგან იმიტომ, რომ მათ ამოქმედების გეგმა გადავუწიეთ მარტამდე. შესაბამისად, მათ 5 და არა, როგორც ითქვა, 2 თვე მიეცათ სიახლის განსახორციელებლად, რაც ევროკავშირის მოთხოვნებით გონივრულ ვადად ითვლება. ასევე აქციზის გადახდის წესი არ შევცვალეთ – ჩვენ ვაპირებდით ამის შეცვლას, დაგეგმილი გვქონდა, რომ აქციზის გადახდა მომხდარიყო აქციზური მარკის გაცემისას, მაგრამ კომუნიკაციის შედეგად დავტოვეთ არსებული წესი. მესამე – ნაცვლად 100-პროცენტიანი ზრდისა, შევთანხმდით 50-პროცენტიან ზრდაზე. ჩვენ ასევე გვქონდა კომუნიკაცია აქციზური საქონლის მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიასთან – ესენი იყვნენ ალკოჰოლური სასმელების თუ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციზის ზრდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მარტიდან”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავლების მაჩვენებელი 2015 წელს 808 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 9.3%–ით (69 მილიონი ლარით) აღემატება.