ახალი ამბები

ბახტაძის პასუხი “კონსტრუქციულ” ახალგაზრდებს, რომლებმაც ივანიშვილს მიმართეს

1 ივლისი, 2019 • 1502
ბახტაძის პასუხი “კონსტრუქციულ” ახალგაზრდებს, რომლებმაც ივანიშვილს მიმართეს

35 სტუდენტის მიერ გავრცელებულ ღია წერილს, რომლის ადრესატი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, პრემიერ-მინისტრი მყისიერად გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძე მიესალმა ახალგაზრდების “კონსტრუქციულ პოზიციას” და დაანონსა მთავრობის დაქვემდებარებაში ახალგაზრდული პლატფორმის შექმნა.   „ყველა მთავრობას ჰყავდა ასეთი „სტუდენტები“ – ამბობს თბილისში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი.

ვინ არიან წერილის ავტორები და რას სწერენ ბიძინა ივანიშვილს? 

31 ივნისს გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლის ადრესატი “ოცნების” თავმჯდომარე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, სტუდენტები მიესალმებიან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებენ ხელისუფლების ინიციატივას.  ისინი მთავრობას მოუწოდებენ: “არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები,” და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის მრავალ მონაპოვარს – უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. 

“დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის  მიტანა, თუმცა, ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები. 

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში. 

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის”, – წერენ სტუდენტები. 

წერილის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი გიორგი მამულაშვილია. ის ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს “საზოგადოება 20/30-ის”  ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელადაც წარადგინა, თუმცა, როგორც გიორგი ამბობს, ეს იდეა ვერ განხორციელდა. 

მისი თქმით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივა ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაჩნდა, დაინტერესება მაშინაც იყო, თუმცა რეალიზება ვეღარ მოხერხდა. 

მამულაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ახალგაზრდები გაიყვნენ:

 “დღეს რა ტენდენციაც დავინახეთ, თითქოს მცდელობა იყო, რომ ცალკე წარმოადგინონ ჩვენი ჯგუფი და ცალკე ისინი,  ვინც არიან აქციაზე. ჩვენ, ჩვენმა ჯგუფმა ამ შემთხვევაში, უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გადავდგათ კონსტრუქციული ნაბიჯები ხანგრძლივი გათვლისთვის.” 

ის ამბობს, რომ მათი ჯგუფის წევრებიც მონაწილეობდნენ აქციებში. 

პრემიერის მყისიერი პასუხი

სტუდენტების წერილს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე მყისიერად გამოეხმაურა:

“მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე.

მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს, გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.  ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას”, – მამუკა ბახტაძის ეს პასუხი მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

„ყველა მთავრობის დროს ყველას ჰყავდა ასეთი „სტუდენტები“, რომლებიც რაც უნდოდათ მთავრობებს, იმას აკეთებდნენ,“ – სალომე ბარკერი

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი ნეტგაზეთთან საუბრისას პრემიერისა და 35 სტუდენტის ღია მიმართვებს ჩვეულებრივ სამთავრობო სვლად აფასებს. მისი თქმით, თვალსაჩინოდ ჩანს თეთრი ძაფით ნაკერი სვლები. „ყველა მთავრობის დროს ყველას ჰყავდა ასეთი „სტუდენტები“, რომლებიც რაც უნდოდათ ხოლმე მთავრობებს, იმას აკეთებდნენ. ამის ნაწილი და ტრადიციაა ესეც ჩვეულებრივად.“

გარდა ამისა, მას სასაცილოდ მიაჩნია ღია წერილზე პრემიერის ასეთი მყისიერი პასუხი და ამბობს, რომ თუ რაიმე აქვს სათქმელი, ჯობია აქციაზე შეკრებილებს უპასუხოს სწრაფად:

 „სინამდვილეში, პრობლემა არის პრემიერის მიერ ამ  11-დღიანი პროტესტის ფეხზე დაკიდება“, – უთხრა ნეტგაზეთს ბარკერმა. 


ავტორი: თემო მელიქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი