ახალი ამბები

დემონსტრანტი, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

1 ივლისი, 2019 • 823
დემონსტრანტი, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

დემონსტრანტი, რომელიც უკვე მე-9 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნეტგაზეთს „ამტელ ჰოსპიტალში“, სადაც მოშიმშილე გიგა ლემონჯავა ამჟამად იმყოფება, განუცხადეს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

კლინიკის გადაუდებელი მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, თამარ სარიას თანახმად, პაციენტი დაახლოებით 17:00 საათისთვის მიიყვანეს კლინიკაში და ახლაც, 18:00 საათისთვის, მეთვალყურეობის ქვეშ არის;

იგი ამ დრომდე უარს ამბობს საკვების მიღებაზე. კლინიკის თანახმად, გაწერის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება.

გიგა ლემონჯავა, როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგეს.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი