ახალი ამბები

გადადგომაზე უარი არც ერთხელ მითქვამს, ეს ჩემი ინიციატივა იყო – კობახიძე

1 ივლისი, 2019 • 1183
გადადგომაზე უარი არც ერთხელ მითქვამს, ეს ჩემი ინიციატივა იყო – კობახიძე

ირაკლი კობახიძე, რომელმაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე ტელეკომპანია იმედს განუცხადა, რომ არ აპირებდა სერიოზული კომენტარის გაკეთებას მისი გადადგომის მოთხოვნის თაობაზე, დღეს, პირველ ივლისს, ამბობს, რომ გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე უარი არც ერთხელ უთქვამს.

“თუ საუბარია იმაზე, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, ამაზე, რა თქმა უნდა, შემიძლია დეტალური განმარტების გაკეთება. იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვენლობა. ფაქტი არის ერთი – როდესაც პარლამენტში მოხდა ის, რაც მოხდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად იმაზე, რაც ხდება პარლამენტის შენობაში. აქედან გამომდინარე, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატების ჯდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ხოლო საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის და ზუსტად ამის გათვალისწინბით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. დღემდე ეს არის ჩემი პოზიცია.

უარი არც ერთხელ მითქვამს გადადგომაზე. როდესაც კითხვა დაისვა იმაზე, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ჩემს გადადგომას, ამაზე გავაკეთე რეაქცია, რაც იყო აბსოლუტურად ბუნებრივი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, იმავე დღეს მქონდა მე მყარი პოზიცია, რაც შევთავაზე ჩვენს გუნდს. აქ იყო ორი ნიუანსი: ერთი, რომ ვიყავი სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან ასეთი ტიპის გადაწყვეტილების გახმოვანება არ არის სწორი, მეორე ნიუანსი იყო ის, რომ შემომთავაზეს გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად, შევწყვიტე ჩემი ვიზიტი, უახლოესი რეისით დავბრუნდი საქართველოში, შედგა პოლიტსაბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ მსჯელობა ამ საკითხზე და მე წარვადგინე ჩემი ინიციატივა და პოზიცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ პირველ ივლისს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინიციატივა თავად ეკუთვნის და არა ბიძინა ივანიშვილს:

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კონსულტაცია მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან და შევთავაზე ჩემი ინიციატივა, ბუნებრივია”.

ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გახსნის დღეს თბილისში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ის და რუსი დეპუტატი, ამავე ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი ერთად დგანან, პროვოკაციად აფასებს.

ვრცლად:

ირაკლი კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოს პროვოკაციად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი