ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოს პროვოკაციად აფასებს

1 ივლისი, 2019 • 2410
ირაკლი კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოს პროვოკაციად აფასებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროვოკაციად აფასებს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გახსნის დღეს თბილისში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ის და რუსი დეპუტატი, ამავე ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი ერთად დგანან.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პირველ ივლისს განაცხადა.

“რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იმყოფებოდა იმ მიღებაზე, რომელიც გაიმართა, როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, იქიდან ვერ გაიქცევი. ესეც, სამწუხაროდ, იყო ერთგვარი პროვოკაცია, ისეთივე პროვოკაცია, როგორიც იყო მეორე დღეს გავრილოვის ჩაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. იყო პროვოკაციები, ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც, იმ რისკებზე, რომელიც დაკავშრებული იყო ამ ასამბლეის საქართველოში ჩატარებასთან. მთავარი რისკფაქტორი  მდგომარეობდა იმაში, რომ რუსი დეპუტატი იყო ამ ასამბლეის პრეზიდენტი. ეს რისკები აწონ-დაწონილი გვქონდა და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ განსაკუთრებით პირველი დღისათვის, როდესაც ღონისძიების გახსნა იმართებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, რისკებისგან თავის დაზღვევა 100%-ით შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკი კობახიძე ხელს ართმევს სერგეი გავრილოვს ასამბლეის გახსნაზე ცერემონიების სასახლეში. 19.06.2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას პროვოკაციად მიიჩნევს, რადგან, მათი ინფორმაციით, სესია ასამბლეის გენმდივანს უნდა წაეყვანა, რომელიც საბერძნეთიდანაა. თავად გავრილოვი ამტკიცებს, რომ სესიის დროს იმ ადგილას დაჯდა, რომელზეც პროტოკოლის სამსახურმა მიუთითა. ჟურნალისტების კითხვაზე, უშუალოდ ფოტოს გადაღებას და გავრილოვის სკამში ჩაჯდომას აფასებს თუ არა პროვოკაციად, კობახიძე პასუხობს:

“ეს შეგნებული ნაბიჯი იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს მისი გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი ან არ ვერ გაითვალისწინა [გავრილოვმა}”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, სერგეი გავრილოვი, ადა მარშანია და სხვები. 19.06.2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი