ახალი ამბები

კრემლი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა მათთვის საშიშია

1 ივლისი, 2019 • 1914
კრემლი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა მათთვის საშიშია

კრემლი რუს არტისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლასა და წარმოდგენების გამართვას აპირებენ, მოუწოდებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქრონ.

კრემლში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კვლავ იგრძნობა “რუსოფობიური განწყობები“.

 “უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახლაგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა ნინო ქათამაძის განცხადებასაც, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში აღარ იმღერებს.

“ის [ქათამაძე] ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი არ იცის პოლიტიკის თვალსაზრისით. თუ მას რაიმე კითხვები ექნება, ჩვენ მზად ვართ, მას ეს ყველაფერი სიამოვნებით ავუხსნათ.

რუსეთში პოზიტიურად ვერ აღიქვამენ და არ არიან მზად მიიღონ ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებები, მით უფრო, როდესაც ეს აგრესიული მოქმედებები ჩვენ პარლამენტარების წინააღმდეგაა მომართული.  ასევე, პოზიტიურად ვერ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლებიც რუსოფობიული სულითაა აღსავსე“, – დასძენს პესკოვი.

30 ივნისს მომღერალმა ნინო ქათამაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთში კონცერტი გამართა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კონერტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. მისივე მოსაზრებით, 20-21 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

ნინო ქათამაძე ბოდიშს იხდის: „ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში“

მასალების გადაბეჭდვის წესი