ახალი ამბები

R2: პოლიცია 21 ივნისს დაკავებულს ავტოფარეხიდან აგდებს – ვიდეო

1 ივლისი, 2019 • 1654
R2: პოლიცია 21 ივნისს დაკავებულს ავტოფარეხიდან აგდებს – ვიდეო

ტელეკომპანია რუსთავი 2 კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ერთ-ერთ დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ. ტელეკომპანიის განცხადებით, კადრები 21 ივნისს ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, თვითმხილველმა გადაიღო.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ კადრებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩანან. “კურიერის” ინფორმაციით, ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.

ამ საკითხზე ნეტგაზეთი პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ  აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქცია მაინც არ წყდება და გრძელდება შს მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი