ახალი ამბები

ნინო გოგუაძე საყდრისზე: ეს იყო ხელისუფლების დანაშაული

25 დეკემბერი, 2014 • 1069
ნინო გოგუაძე საყდრისზე: ეს იყო ხელისუფლების დანაშაული

“ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, ეს იყო ძალადობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს იყო ძალადობა საკუთარ ისტორიაზე და საკუთარ კულტურაზე,”– განაცხადა მან. 

 

ნინო გოგუაძის განცხადებით, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია ანადგურებდა კულტურულ და ისტორიულ ძეგლს, შესაბამისად, აუცილებელი იყო მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ეს ასე არ ხდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი კომპანიის მიერ სამუშაოების გაგრძელება. გოგუაძის თქმით, ამ ადამიანებს ზურგს უმაგრებდა მეცნიერული დასაბუთება იმის შესახებ, რომ საყდრისი საუკუნეების წინანდელ ოქროს მაღაროს წარმოადგენდა.

 

“სამწუხაროდ, თანამედროვე, ცივილიზებულ საზოგადოებაში ბნელი ეპოქებისაგან და იმ საზოგადოებებისგან განსხვავებით, სადაც ფუნდამენტალიზმია გაბატონებული, მეცნიერული, არგუმენტირებული და ლოგიკური თვალსაზრისების გაბათილება ხდება მხოლოდ, ასევე, მეცნიერული, საფუძვლიანი კვლევების შედეგად, მეცნიერების მიერ მოპოვებული არგუმენტებით და მათი შეპირისპირებით. საქართველოში კი ასე არ მოხდა. საქართველოში ხელისუფლებამ საზოგადოების სრულიად სამართლიან და ცივილიზებულ მოთხოვნას დაუპირისპირა ძალა და მოხდა კულტურული ძეგლის აფეთქება,”– განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

გოგუაძის თქმით, საზოგადოებაში ემოციები არ ჩაცხრება, სანამ მომხდარს შესაბამისი სახელი არ დაერქმევა. მან პარლამენტს საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.

 

“პარლამენტის ვალდებულებაა, დააკმაყოფილოს საზოგადოების აბსოლუტურად საფუძვლიანი ინტერესი და შექმნას ასეთი კომისია. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები გამოვდივართ წინადადებით, რომ პარლამენტმა გამოიყენოს თავისი უფლება და შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გაარკვევს და ყველა მოვლენას დაარქმევს თავის სახელს. ამიტომ ვაყენებ თქვენ წინაშე, რომ კენჭი ვუყაროთ საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობის საკითხს,”– თქვა ნინო გოგუაძემ.

 

დღეს საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განაცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეახსენონ პარლამენტს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას კანონის უზენაესობა და “არ უნდა გაიღოს მსხვერპლად უნიკალური კოლტურული მემკვიდრეობა რომელიმე კერძო კომპანიის ერთჯერადი მოგებისთვის”.

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი