ახალი ამბები

ვეცდები, პროტესტი სიმღერით გამოვხატო – ანიტა რაჭველიშვილი აქციებს უერთდება

29 ივნისი, 2019 • 1516
ვეცდები, პროტესტი სიმღერით გამოვხატო – ანიტა რაჭველიშვილი აქციებს უერთდება

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დღეს, 29 ივნისს, თბილისში დაგეგმილ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდება. ამის შესახებ მან Facebook Live-ში განაცხადა და მოუწოდა გულშემატკივრებს, დემონსტრაციას შეუერთდნენ.

“…აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ უდანაშაულო ადამიანების მიმართ. აუცილებლად მოდით, ძალიან გთხოვთ. ეს არის სამართლიანი აქცია, რომელიც ტარდება იმ ახალგაზრდების ორგანიზებით, რომლებიც არიან ჩვენი მომავალი. მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ მობრძანდეთ დღეს.

…მე იქ ვიქნები დღეს საღამოს და შევეცდები, ჩემი პროტესტი გამოვხატო სიმღერით”, – აღნიშნავს ის.

ანიტა რაჭველიშვილის თქმით, აშშ-დან საქართველოში 28 ივნისს დაბრუნდა, თუმცა ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აქციაზე მისვლა ვერ შეძლო. ის “ჯალათს” უწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 20 ივნისის ღამით თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

“სულიერად აქამდეც სულ თქვენთან ერთად ვიყავი და ძალიან მიჭირს შორს ყოფნა ასეთ მძიმე ჟამს საქართველოსთვის. რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის კომუნისტი დიპლომატის ადგილი პარლამენტში არ არის. გახარია არის ჯალათი, რომელმაც დაასახიჩრა ახალგაზრდები და ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. დღესაც ის იბრძვის გადარჩენისთვის”, – ამბობს მომღერალი.

ვიდეომიმართვაში რაჭველიშვილი ეწინააღმდეგება გზავნილებს, რომლებითაც აქციებზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ყოფნით აპელირებენ. მისი თქმით, პროცესს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს:

“მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ პროპაგანდისტულ მოსაზრებას, რომ აქციაზე დგანან ენმ-ის დემაგოგები და ენმ-ის წარმომადგენლები. მე ვიტყვი მათ მაგიერაც, ვინც იქ დგანან, აბსოლუტურად არაფერ შუაში ვართ პოლიტიკასთან. ვართ მოქალაქეები, რომელთაც ძალიან გვტკივა; ვისთვისაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის, რომ საქართველოში, პარლამენტში, სადაც იჯდა ზვიად გამსახურდია და საიდანაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, იჯდეს მტრის წარმომადგენელი”.

პროტესტის ათი დღე თბილისში – თავისუფლების მარში 29 ივნისს 19.00 საათზე დაიწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი