ახალი ამბები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი კიდევ ექვსმა ექსპერტმა დატოვა

23 დეკემბერი, 2014 •
პრევენციის ეროვნული მექანიზმი კიდევ ექვსმა ექსპერტმა დატოვა

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“  ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, დაუსჯელობასთან ბრძოლა და ზოგადად, წამების პრევენცია. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტულ ორგანიზაციას მოცემულ სფეროში. ცენტრი „ემპათია“ -ს 6 ექსპერტი არის საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი, თუმცა, აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის ბოლო ერთწლიანი დაკვირვების შედეგად, ექპერტთა ჯგუფი ტოვებს საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს შემდეგი გარემოებების გამო:


1. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკა კვარაცხელიას განცხადებით: საქართველოს ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში აღარ შედის წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, მათი საქმიანობა ატარებს ეგრეთ წოდებულ „პრევენციულ“ ხასიათს.


2. შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფისათვის გაუგებარია, თუ რა ურთიერთმიმართებაში იმყოფება ქართული „პრევენცია“ და ეროვნული პრევენციული ჯგუფი წამების ფაქტების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტთან _ „სტამბოლის პროტოკოლთან“.


3. აღნიშნული საკითხის გარკვევა ექსპერტთა ჯგუფმა ვცადეთ 2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან ეროვნული პრევენციული ჯგუფის შეხვედრაზე, თუმცა, უშედეგოდ. სამწუხაროდ, შეხვედრა შედგა, რბილად რომ ვთქვათ, საბჭოთა სულისკვეთების ატმოსფეროში, სადაც ექსპერტებს ფრიად აგრესიული ქცევით მოუწოდეს სრული და საყოველთაო მორჩილებისაკენ.


4. სახალხო დამცველის აგრესიული ქცევა მოჰყვა ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას 2014 წლის 12 ნოემბერს ს.ა.დ. – ის  N8 დაწესებულებაში მომხდარი პატიმართა წამების ფაქტის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა გაახმიანა მხოლოდ 2014 წლის 19 ნოემბერს (იხ. მარიამ ჯიშკარიანის განცხადების სრული ტექსტი ქვევით).


5. შესაბამისად, ვთვლით რა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის და ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობა არ შეესაბამება OP CAT – ის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ასევე ვთვლით რა, რომ ექსპერტთა ჯგუფისათვის მიუღებელია სახალხო დამცველის მიერ „აზრთა“ კონტროლის მოთხოვნა, ხოლო ექსპერტთა მიმართ განხორციელებული აგრესიული, კონტროლდაკარგული ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია და გვახსენებს საბჭოთა კომკავშირულ – პარტიულ ნომენკლატურულ მიდგომებს, ჩვენ, ექსპერტთა ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ჯიშკარიანი, ექსპერტი ფსიქიატრი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტი, შორენა ბექაური – ექსპერტი ფსიქიატრი, იმავე ცენტრის გამგეობის წევრი, თამარ ნიორაძე, იმავე ცენტრის ექსპერტი ნევროლოგი, გელა მენთეშაშვილი იმავე ცენტრის ექსპერტი ნეიროქირურგი, იოსებ ხატიაშვილი, იმავე ცენტრის ექსპერტი  იურისტი, კახაბერ მიქაძე – იმავე ცენტრის ექსპერტი ფსიქოლოგი, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საქართველოს სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციული ჯგუფის შემადგენლობას. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა ლუსტრაციის კანონის შესახებ, რათა საქართველოს მოსახლეობისათვის ცხადი გახდეს, თუ ვინ, ვინ არის; ასევე, დაიწყოს მსჯელობა აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


პრევენციის ეროვნული მექანიზმი ასევე დატოვეს ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა და უფლებადამცველმა ირაკლი ვაჭარაძემ. ნეტგაზეთი სახალხო დამცველის ოფისს დაუკაშირდა. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა და შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება და მათ მიერ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი მდგომარეობის შესახებ მოწოდებული ანგარიშების საფუძველზე სახალხო დამცველმა ბოლო დღეებში 3 სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ომბუდსმენის ოფისს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების შერჩევა სხვადასხვა თემატური მონიტორინგის განსახორციელებლად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ოფისის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მკაფიო განმარტებისა, რამდენიმე ექსპერტის მოთხოვნა შეუსაბამო იყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ექსპერტების საქმიანობის საწყის ეტაპზევე შეთანხმებულ ძირითად წესებთან და პირობებთან.

 

“სახალხო დამცველი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას და მიაჩნია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროა. სამწუხაროა ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტი ვერ ავლებს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ქცევის კოდექსით დადგენილ პრინციპებს შორის”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

 სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ახალი წევრების ასარჩევად ახალ კონკურსს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს,

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2009 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა, რომელიც ციხეებში არსებულ სიტუაციას იკვლევს, აფასებს წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკფაქტორებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ანგარიშებს  და პატიმრების ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს

 


მასალების გადაბეჭდვის წესი