“პოლიტიკოსისთვის ასეთ სიტუაციაში დაჭერა, ეს არის პოლიტიკური სანატორიუმი”, – ასე უპასუხა გუბაზ სანიკიძემ ინგა გრიგოლიას კითხვას, ელის თუ არა, რომ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ჟურნალისტმა მას ერთ-ერთი მოწმის ჩვენება წაუკითხა, რომელიც სანიკიძესაც ახსენებდა მათ შორის, ვინც მოქალაქეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა. გუბაზ სანიკიძემ აღნიშნული გამორიცხა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითა.
“რაც შეეხება მიზეზს და საბაბს, არავითარი არ არსებობს. საბუთი დადოს, სადაც მე ვითხოვ ან ირაკლი ოქრუაშვილი ითხოვს, რომ შევიდეთ პარლამენტში”, – თქვა მან TV პირველის ეთერში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილიც იმყოფებოდა. შემდგომ კი ასევე დასძინა:
“…ჩემს მეუღლესთანაც ნასაუბრალი მაქვს, ჩემს შვილებთანაც ნასაუბრალი მაქვს და ველოდები, რა თქმა უნდა. ნეტავ დამიჭიროს, რა… პოლიტიკოსისთვის ასეთ სიტუაციაში დაჭერა, ეს არის პოლიტიკური სანატორიუმი”.
რა მოხდა
საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.
დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).