ახალი ამბები

ცხინვალმა თბილისს ერთი დაკავებული გადასცა, მეორე – პატიმრობაში რჩება

23 დეკემბერი, 2014 •
ცხინვალმა თბილისს ერთი დაკავებული გადასცა, მეორე – პატიმრობაში რჩება

“23 დეკემბერს გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტების მიერ 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი. შს სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს გორის რაიონის სოფელ კირბალთან იმავე დღეს დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის გათავისუფლების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის საშუალებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.


გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და კირბალში რუსმა მესაზღვრებმა 20 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. 


სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში, ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გადახდილი ჯარიმების ოდენობამ 237 ათასი რუბლი [დაახლოებით 4373 აშშ დოლარი] ეადგინა. ოფიციალური ცნობითვე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 197 ფაქტი დარეგისტრირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი