ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი შსს-სგან ამ დრომდე ელოდება დარბევისას აღებული კარვის დაბრუნებას

27 ივნისი, 2019 • 552
მაჩალიკაშვილი შსს-სგან ამ დრომდე ელოდება დარბევისას აღებული კარვის დაბრუნებას

20  ივნისის აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა დაშალეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც, რომელიც პარლამენტის წინ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნეტგაზეტს უთხრა, პოლიციელების მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული ქმედება:

“ჩემს კარავთან დაკავშირებით 10 თვე მიმდინარეობდა ბრძოლა, ბრძოლა ისეთი, რომ თუ ამ ხელისუფლებას ჰქონდა სიბინძურე, ყველა სიბინძურე გამოყენებული იყო იმ კარვების აღებისთვის. მათ სცადეს, ერთი გასროლით დაეჭირათ ორი  კურდღელი, მაგრამ შედეგი რა მიიღეს, გასრისეს თავიანთი კურდღელი.”

მაჩალიკაშვილის განცხადებით, აქციის დარბევიდან მეორე დღეს თავად მივიდა პოლიციაში და კარვების აღებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. ის პოლიციელებისგან მოითხოვდა ყველა იმ ნივთის დაბრუნებას, რაც იმ ღამეს წაიღეს. მაჩალიკაშვილის თქმით, პოლიციელები მას დაჰპირდნენ, რომ დაურეკავდნენ და ყველა ნივთს უკან  დაუბრუნებდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრს. ნეტგაზეთი უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

მაჩალიკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კარვებს არ დაუბრუნებენ, საზოგადოების მხრიდან პროტესტი ისევ იქნება:

“ისევ თუ არ დაიდგა აქ ჩემი კარვები, ეს პროტესტი არაფერია, პროტესტს მერე ნახავენ. ისეთი ხალხი დადგება აქ, ვისაც რეზინის ტყვიების კი არა, კერამიკის ტყვიების კი არა, დათვებისთვის გამოყოფილი ტყვიების კი არა, მუხები რომ ისროლონ, იმის არ შეეშინდებათ.”

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ასევე ისაუბრა დედაქალაქში გამართულ აქციაზე. მისი თქმით, ახალგაზრდებმა ხელში აიღეს ინიციატივა, გაეგრძელებინათ “ეს სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი სისხლიანი ხელისუფლების წინააღმდეგ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი