“იყო შეცდომა, რაზეც ალბათ სამინისტრომ ისაუბრა, თუ ვინ არის იქ პასუხისმგებელი. იმედი მაქვს, თვითონ სამინისტროს გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი. რაც შეეხება იმას, რომ თავდაცვის მინისტრი დავიბაროთ პარლამენტში და ეს დისკუსიის, კამათის თუ გაწევ-გამოწევის თემად ვაქციოთ, მე მგონი ისევ დუმილი ჯობია ამ თემის გარშემო და არა ყველაფერზე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება”, – განაცხადა საგანელიძემ.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამარცხვინო უწოდეს, უწყებამ ოფიციალური გვერდებიდან უკვე წაშალა. ამას წინ უძღვოდა პრემიერის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ არც მას მოეწონა თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა უწყების სახელით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
