ახალი ამბები

მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

27 ივნისი, 2019 •
მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 2 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

როგორც პეტიციის ავტორები ამბობენ, მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ-ი იყო, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან კონსულტაციების შედეგად და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა:

“იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი – ნატა ლომოური და დეა მეტრეველი. ნატა ლომოურისა და დეა მეტრეველის წარმატებულ საქმეებს არ ჩამოვთვლით. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ – თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომლის წარმატების მომსწრე ყველანი ვართ; არაერთ ენაზე ნათარგმნ სამასამდე ქართულ წიგნს”, – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორები მოითხოვენ შეჩერდეს “სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება”.

ასევე, ითხოვენ რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას”

ამას გარდა, საფრთხე ექმნება თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს – დავით სარაჯიშვილისეულ სახლს მაჩაბლის 13-ში. ნატა ლომოურს, რომელმაც ამ სახლში ჩაატარა საფუძვლიანი რესტავრაცია და სახლს დაუბრუნა პირვანდელი სახე, დღეს არ ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს დავით სარაჯიშვილის მემორიალური სამუზეუმო ოთახის მოწყობა, მაშინ, როცა მუზეუმისთვის თითქმის ყველაფერი გაკეთებულია (ჩატარებულია კვლევა, დაწერილი და ნათარგმნია ტექსტები, მზადაა სარაჯიშვილის ნივთები საგამოფენოდ, დამზადებულია სტენდები და ა. შ.)!

დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში” ,- ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს

მასალების გადაბეჭდვის წესი