მათი განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს და რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

 

„რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ის, რისი მოწმენიც მთელი წლის განმავლობაში ვიყავით, არის რუსეთის სტანდარტული პოლიტიკის ნაწილი, სისტემატიურად ჩაერიოს თავისი მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ხელყოს მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.   მსოფლიომ ხმა უნდა აიმაღლოს, როცა ქვეყანა ასე უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვრებსა და ნორმებს; ამასთან, საბჭო უნდა იყოს ამ ნორმების დამცველი, როცა საქმე ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული“  – განაცხადა უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

 

“ლიტვა უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რუსეთსა აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ძირს უთხრის კონფლიქტის გადაწყვეტის ისეთი გზების მოძიებას, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მსგავსი სცენარი განმეორებული იქნება ცხინვალის რეგიონშიც”, – ნათქვამია ლიტვის წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაეროში უშიშროების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხი ფიგურირებს.

 

“ჩვენმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ აფხაზეთის რეგიონთან ასეთი ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთი ფაქტობრივად არღვევს გაერო-ს ქარტიის წესებს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აფხაზეთის ანექსიისგან გადადგმული ნაბიჯი”,- განაცხადა კახა იმნაძემ. 

 

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, პიოტრ ილიჩევმა განაცხადა, რომ “სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ” შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოზე არ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან ეს ორმხრივი შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

 

აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთთან “მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის” ხელშეკრულების რატიფიცირება გუშინ, 22 დეკემბერს მოახდინა.

 

იგივე შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. რუსეთის პრეზინდეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, რომელიც მან ცხინვალში  ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა, შეთანხმებაზე მუშაობა 2015 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

 

რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების საკითხს დღეს, 23 დეკემებრს საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. 


 

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *