ახალი ამბები

ვერავინ აუვლის გვერდს ხალხის ნებას – სტამბოლის ახლადარჩეული მერი

26 ივნისი, 2019 •
ვერავინ აუვლის გვერდს ხალხის ნებას – სტამბოლის ახლადარჩეული მერი

“23 ივნისის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ვერავინ, ვერცერთი ინდივიდი ან ძალა, ვერ აუვლის გვერდს ხალხის ნებას, არცერთ პოლიტიკოსს აქვს ამის იგნორის ფუფუნება”, – ეს განცხადება CNN-ის ეთერში სტამბოლის ახლადარჩეულმა მერმა “რესპუბლიკური პარტიიდან”, ექრემ იმამოღლუმ გააკეთა, რომელმაც 23 ივნისს, ქალაქის განმეოერებით არჩევნებში, პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

ტელეარხის ეთერიდან იმამოღლუმ თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხილებული იქნება ყველა, ვინც “გადაწყვეტს, რომ ხალხის სამსახურის ნაცვლად თავისი პოლიტიკური მომავალი აქციოს პრიორიტეტად”. ახლადარჩეული მერი აღნიშნავს, რომ ხელმეორე არჩევნები ტესტი იყო თურქეთის დემოკრატიის ტრადიციის გამოსაცდელად.

“ვფიქრობ, ეს ტესტი წარმატებით ჩავაბარეთ”, – თქვა მან.

კითხვაზე, გამოიძიებს თუ არა მმართველი პარტიის შესაძლო კორუფციას ქალაქში, იმამოღლუმ უპასუხა, რომ მისი, როგორც მერის უპირველესი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა იქნება.

23 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ თითქმის 10%-იანი სხვაობით დაამარცხა კონკურენტი, თურქეთის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტის პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი. პროდასავლური, სეკულარული “რესპუბლიკური პარტიის” გამარჯვებას სტამბოლის ქუჩებში მასშტაბური ზეიმი მოჰყვა.

იმამოღლუმ სტამბოლში მიმდინარე წლის მარტში, თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც მოიგო, თუმცა უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ შედეგი ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მოთხოვნით გააუქმა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა.

თუ წინა არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი ხელისუფლების კანდიდატს 13 000-მდე ხმით უსწრებდა, ახლა მან კონკურენტს 770 000-ზე მეტი ხმით სძლია.

ერდოღანი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ “ვინც მართავს სტამბოლს, ის მართავს თურქეთს”. მისი პარტიის მმართველობა ქალაქში, თითქმის, 25 წელიწადს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი