
“მეც არ მომეწონა ეს განცხადება, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ ტიპის პოლიტიკურ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს”, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან 21 დეკემბერს გუდაურში.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში” , – განაცხადათავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს.
ამ განცხადებას მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმაც.
21 დეკემბერს ამ განცხადების გამო მოქალაქეებმა თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.
32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.




