ახალი ამბები

პარლამენტის შენობასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

26 ივნისი, 2019 • 491
პარლამენტის შენობასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავდნენ. ამის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დაჭერით ივანიშვილი პუტინის დაკვეთას ასრულებს.

„ნახეთ, ხალხო, პუტინის განცხადება, ნახეთ კარასინის განცხადება, ნახეთ რუსების განცხადება, რას ამბობენ, რომ უნდა დაისაჯოს ოპოზიციონერი აქტივისტები და დიახ, ამას უსრულებს ივანიშვილი. თვალები დათხარა რიგით მოქალაქეებს, დაიჭირა ასობით აქტივისტი და დღეს აკავებს მთავარ ოპოზიციონერ ლიდეს და რის გამო აკეთებს ამას, საკუთარი უსაფრთხოების გამო, რუსეთის საამებლად და ჰგონია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება, არაფერი არ დამთავრდება ამით, ამით დაიწყება ყველაფერი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილი. მისი თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

„შეუძლებელია, რომ პროკურატურას გააჩნდეს მტკიცებულებები, რომლებიც მას საფუძველს მისცემს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას ნიკა მელიას წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სცენარი და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ რუსულ სცენარს კარასინის და პუტინის სცენარების მიხედვით წარმართავს პროცესებს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ამ ყველაფრის თავში და გახარია მისი ხელის ბიჭის შემსრულებელი“, – განაცხადა კვიტაიშვილმა

აქციაზე ასევე განაცხადეს, რომ რეგიონებიდანაც ელოდებიან ხალხის ჩამოსვლას, მელისათვის იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი