ახალი ამბები

რა წერია ევროპარლამენტის ანგარშში შერჩევითი სამართლის, ისლამოფობიისა და ჰომოფობიის შესახებ

19 დეკემბერი, 2014 • • 1077
რა წერია ევროპარლამენტის ანგარშში შერჩევითი სამართლის, ისლამოფობიისა და ჰომოფობიის შესახებ

ანგარიში დეპუტატმა ანდრეის მამიკინსმა მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში, თუმცა ტექსტის მიხედვით, ევროპის პარლამენტი აცხადებს, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია საბოლოო მიზანი არ არის და მისი სრული იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იმ პირობით, რომ დემოკრატიის პრინციპების ერთგულია, პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას”.

ევროპარლამენტი - EPA/STEPHANIE LECOCQ
ევროპარლამენტი – EPA/STEPHANIE LECOCQ

ანგარიშში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც პოზიტიურადაა შეფასებული, საუბარია ხელშკრულების დღის წესრიგის შემუშავებაზე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს, ტექსტში ვკითხულობთ: “ევროპარლამენტი აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მომზადებას, ასევე (აღნიშნავს) ადამიანის უფლებების დარღვევეის შესახებ ბრალდებების სრულად და კარგად გამოძიების აუცილებლობას კანონის უზენაესობის აღიარების ფარგლებში. აცხადებს, რომ სამართლებრივი დევნის ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისაგან”.

ამასთან, ევროპარლამენტი შეშფოთებული რჩება “პროკურატურის ოფისის ნაკლები ანგარიშვალდებულობის და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები შეირჩევიან”.

 

“პროფესიონალიზმი უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი ამ თანამდებობის დასაკვაბლებლად”.

ევროპარლამენტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ თანამდებობის იმ პირთა ნაწილი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ და ასევე ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, პასუხისგებაში არიან მიცემული და პატმრობაში, ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ასევე სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის პოტენციური გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით.

“აცნობიერებს რა, რომ  ბრალდებებმა ე.წ. შერჩევითი სამართლის შესახებ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს პროცესებზე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმად გამოყენებისაგან თავი შეიკავოს”.

 

დოკუმენტში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და ამ კუთხით ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციაზე. ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტი მხედველობაში იღებს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ ისლამოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გადადგა, თუმცა საჭიროა, რომ ისლამოფობიურ და ჰომოფობიურ ძალადობრივ აქტებში მონაწილე პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

საქართველოს შესახებ ანგარიშს მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 76-მა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი