საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტი ხარვეზებს შეიცავს, რომელთა გამოსწორების მოთხოვნით წინადადებით სამინისტროს მიმართა.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ბრძანების პროექტში იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც დაუშვებელია განხორციელდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი, დაემატოს საკანში არსებული და საერთო სარგებლობის საპირფარეშოები.
პროექტის მიხედვით, მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს დაწესებულების დირექტორი. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრძანებაში მიეთითოს იმ ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობა, რომლებმაც განაპირობა აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა.
“გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაბარდეს ვიდეო–აუდიოჩაწერის განხორციელების თაობაზე გაფრთხილების ოქმის ასლი”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიცვალოს პროექტის ის დებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დებულებებთან. დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია პატიმრობის კოდექსის 54–ე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული პირების, მათ შორის, სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული დებულება უნდა შეიცვალოს, როგორც მოცემული ბრძანების პროექტში, ასევე პატიმრობის შესახებ კოდექსში, ვინაიდან ჩანაწერი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, მასალის შენახვის ვადა მინიმუმ 10 დღემდე უნდა გაიზარდოს, ნაცვლად 24 საათისა. სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრების გამოცდილება აჩვენებს, რომ მასალის შენახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის, აცხადებს ობუდსმენის ოფისი.