ახალი ამბები

ომბუდსმენი: ქუთაისის საპატიმროში მსჯავრდებულები არასათანადო პირობებში ცხოვრობენ

19 დეკემბერი, 2014 • • 1375
ომბუდსმენი: ქუთაისის საპატიმროში მსჯავრდებულები არასათანადო პირობებში ცხოვრობენ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ N2 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა არ არის ჯეროვნად დაცული სხვადასხვა პრობლემის არსებობის გამო.

 

ანგარიშის მიხედვით, დაწესებულება საკმაოდ გადატვირთულია, საცხოვრებელ საკნებში ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი სივრცე 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, ხოლო დაწესებულების უმეტეს სამარტოო საკნებში არის სივიწროვე და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიხედვით, დაწესებულების მაღაზია პროდუქციით სათანადოდ არ მარაგდება, ხოლო ქალი პატიმრებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობა დაბალია.

 

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სუიციდის პრევენციისკენ მიმართული აქტივობები არასაკმარისია, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროულად მიწოდება პრობლემურია. რიგ შემთხვევებში აშკარაა სამედიცინო მომსახურების დაყოვნება და არსებობს გარკვეული შეფერხებები დაწესებულების მედიკამენტებით მომარაგების თვალსაზრისით.

 

ექთნების სიმცირესთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის ერთ ექიმზე მოდის 500-ზე მეტი პატიმარი, ხოლო მთელ დაწესებულებას მხოლოდ ერთი მორიგე ექიმი ემსახურება; დაბალია პატიმართა ინფორმირებულობა სამედიცინო მომსახურების შესახებ; არ ხდება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემებია პატიმართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხრივ, რაც გამოწვეულია ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობითა და მათთვის შექმნილი არასათანადო სამუშაო პირობებით. სარეაბილიტაციო აქტივობებში, რომელიც არ არის მრავალფეროვანი, პატიმართა ჩართულობა ძალიან დაბალია.

 

ანგარიშის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს თარჯიმნების არარსებობა, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია იმ პატიმრებთან გასაუბრება, რომლებიც ვერ მეტყველებენ ქართულ ენაზე. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილი პატიმრები სათანადოდ ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით, რაც განპირობებულია ოჯახის წევრებთან საცხოვრებელი ადგილის სიშორითა და მატერიალური მდგომარეობით.

 

დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არსებობს ამ სახდელების პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება სამარტოო საკანში მოთავსება, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს, ნათქვამია ამგარიშში.

 

საქართველოს პრევენციის ეროვნული მექაზმის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებას 2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს ეწვივნენ. ანგარიშის მომზადებისას მათ გამოიყენეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტში მონაწილე ექსპერტების ტექნიკური ანგარიშები.

 

ანგარიშის მიხედვით, სასჯელარსრულების დაწესებულება განკუთვნილია 1840 პატიმრისთვის ვიზიტის დროს იქ იმყოფებოდა 1514 პატიმარი, მათ შორის 8 ქალი და 4 არასრულწლოვანი. 57 მსჯავდებული დასაქმებული იყო სამეურნეო ნაწილში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი