ახალი ამბები

რატომ ითხოვენ მელიას დაპატიმრებას – პროკურატურის წერილი პარლამენტს

26 ივნისი, 2019 •
რატომ ითხოვენ მელიას დაპატიმრებას – პროკურატურის წერილი პარლამენტს

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ივნისს საპროტესტო აქცია 17 საათიდან 21:50 საათამდე მიმდინარეობდა მშვიდობიანი ფორმით.

“დაახლოებით 21 საათზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმერტზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე, სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა”, – აღნიშნულია მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის წერილში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკა მელია მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულებას, რის გამოც პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში მას ორჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

“გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელია საზღვარგარეთ თავისუფლად შეძლებს სათანადო პირობების შექმნას, შესაბამისი კონტაქტების დამყარებას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას”, – აცხადებს პროკურატურა და დასძენს, რომ მისი მიმალვის საფრთხეს ისიც აძლიერებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან “მასთან ახლო კავშირში მყოფი პირები”

დილიდან ხმაურით მიმდინარეობს პარლმენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. აქ 9 საათზე უნდა დაწყებულიყო სხდომა, თუმცა სხდომის დაწყება ნახევარი საათით დაგვიანდა. ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს პოლიტიკურ წარსულსა და პასუხისმგებლობებზე ეკამათებიან, ისმის ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზებიც.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა პროკურატურას წინასწარი თანხმობა მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. დღესვე ამ საკითხს განიხილავენ სესიაზე. თანხმობის მიღების შემთხვევაში კი პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი