ახალი ამბები

კიკაბიძე რობერტ სტურუაზე: ეტყობა, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვაა

25 ივნისი, 2019 • 3466
კიკაბიძე რობერტ სტურუაზე: ეტყობა, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვაა

მომღერალი ბუბა კიკაბიძე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს. როგორც 81 წლის მსახიობი და მომღერალი რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, თავად აქციაზე მისვლას ასაკის გამო ვერ ახერხებს, თუმცა ქედს იხრის იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც ამდენი დღეა აქციებს მართავენ:

“ჩანს, რომ გამიზნულად ისვრიან და სისხლით ამოთხვრილი გოგოები და ბიჭები შემზარავი რამეა. ასე როგორ უნდა გაიმეტო შენი ხალხი, რას უნდა ფიქრობდეს ამ დროს, ვინც ბრძანებას იძლევა. შემსრულებელი არაა იმდენად დამნაშავე, როგორც მბრძანებელი. ნორმალურ ქვეყანაში მეორე დღეს ყველა გადადგებოდა. ასეთი წესია ცივლიზებულ ქვეყნებში, როცა შენ ხალხს აყენებ შეურაცხყოფას. მე 81 წლის ვხდები და სირბილი არ შემიძლია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ვალია, ქვეყანა ავაღორძინოთ.

მე ახლა ამ ბიჭებს და გოგოებს რომ ვუყურებ, მაგათ ეს ჩაავლეს თავის გულებში და უკან ვეღარ დახევ. ის გახარია დროზე თუ არ წავიდა, დღითიდღე სულ გაუარესდება მაგის ყოფა. მე ქედი მინდა მოვუხარო ახალგაზრდებს, ამდენ ხანს რომ დგანან” ,- ამბობს კიკაბიძე “რუსთავი 2”-თან.

ინტერვიუში ბუბა კიკაბიძე რობერტ სტურუას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამაა:

“მინდა რობიკო სტურუას გადავცე მოკითხვა აქედან. რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ეტყობა, დიდი მსახიობი, რეჟისორი… დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა“, – ამბობს კიკაბიძე.

რეჟისორი რობერტ სტურუა 20 ივნისს დაწყებულ დემონსტრაციებს შემდეგი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა: “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”.

ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა – გია ყანჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი