ახალი ამბები

ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა – გია ყანჩელი

24 ივნისი, 2019 • 6475
ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა – გია ყანჩელი

კომპოზიტორი გია ყანჩელი ემიჯნება რეჟისორ რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომელმაც 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციები “ნაცისტების ზეიმად” მოიხსენია და დასძინა, რომ “საქართველო აღარ არის”. ყანჩელი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით დადგებოდა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან, რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

…მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე: რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო”, – აღნიშნა მან.

რეჟისორი რობერტ სტურუა 20 ივნისს დაწყებულ დემონსტრაციებს შემდეგი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა:

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”

რა მოხდა?

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ორი ადამიანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, აქედან 121-ს პატიმრობა შეუფარდეს. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი