ახალი ამბები

თბილისის დემონსტრაციები და “მოლოტოვის კოქტეილის” საქმე

25 ივნისი, 2019 • 1417
თბილისის დემონსტრაციები და “მოლოტოვის კოქტეილის” საქმე

რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე”?   პოლიციამ 70 წლის გიორგი წიქარაძე  21 ივნისს დააკავა და განაცხადა, რომ “გ.წ-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა”.

„ეს არის აბსურდი, რომ ადამიანი აპირებდა მუხიანიდან ღამით ფეხით წამოსულიყო და პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილები მიეტანა,“ – ამბობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. ის  გიორგი წიქარიძის ინტერესებს იცავს. ის, რომ ბრალდებულს ფეხით უნდა მიეტანა მუხიანიდან პარლამენტამდე „მოლოტოვის კოქტეილები“, ეს, ადვოკატის თქმით, სატელეფონო ჩანაწერში ისმის, რაც გამოძიებამ ამ საქმეში ამოიღო და რომლის ნამდვილობასაც ბრალდებული არ ადასტურებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ წიქარაძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

ბენზინით სავსე 12 ბოთლი, ნაჭრები და სატელეფონო ჩანაწერი – ესაა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული კაცის საქმეში მთავარი მტკიცებულებები. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბენზინიანი ბოთლები დაკავებულს მოპედით გადაადგილებისთვის სჭირდებოდა. ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერიდან ისმის, რომ ბრალდებულს პარლამენტის შენობასთან 21 ივნისის დილას „მოლოტოვის“ გამზადებული კოქტეილები უნდა მიეტანა. პროკურატურის მტკიცებით, სატელეფონო საუბარი ღამის ორის ნახევარზე ბრალდებულსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – გოჩა კოკაიას შორის შედგა.

„ჩანაწერში ისმის, რომ თითქოს ბრალდებული სთავაზობს კოკაიას კოქტეილების პარლამენტთან მიტანას შუაღამეზე, თითქოს ამბობს, რომ მზადაა შუაღამეზე ფეხით მიიტანოს ეს, ის კი პასუხობს, რომ ღამით არაა საჭირო და დილით უნდა მიიტანოს… გოჩა კოკაია, როცა მოწმის სახით დაკითხეს, თქვა, რომ არ იცნობს საერთოდ გიორგი წიქარიძეს, მაგრამ ეს საუბარი თვითონ ჩაიწერა. საინტერესოა, რატომ ჩაიწერა სატელეფონო საუბარი გოჩა კოკაიამ, თუკი იგი გიორგის საერთოდ არ იცნობდა?“ – კითხულობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. მისი დაცვის ქვეშ მყოფის მტკიცებით, ეს სატელეფონო საუბარი საერთოდ არ არის რეალური და იგი საპროტესტო აქციის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეტროთი შინ დაბრუნდა.

ადვოკატს ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, როგორ დაადგინა ექსპერტიზამ ამ სატელეფონო ჩანაწერში მოსაუბრე პირების ხმების ავთენტურობა, თუ სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. „ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი“, – გვითხრა მარიკა ჯანიკაშვილმა.

გოჩა კოკაია დაკავებული არ არის. ბრალდებულ გიორგი წიქარიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ იგი დანაშაულის დაფარვისთვის უნდა დაეკავებინათ.

„არ ვიცი, რატომ არ დააკავეს… პროკურატურა ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულება არ აქვს. ეს სატელეფონო ჩანაწერი ამოიღეს გოჩა კოკიას ჩხრეკის დროს მისი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას,“ – დასძენს მარიკა ჯანიკაშვილი.

გიორგი წიქარიძე ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების  შემდეგ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებული გამოძიების შემდეგ, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. გიორგი წიქარაძეს ბრალი თავდაპირველად 236-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს. რამდენიმე დღეში გიორგი წიქარიძეს ბრალი დაუმძიმეს – მას ახლა გამოძიება აფეთქების მცდელობას ედავება.

აფეთქების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ასეა განმარტებული: „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით“.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი წიქარიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ის არის პენსიონერი, ჰყავს 4 შვილი და ამ დრომდე არანაირი შეხება სამართალდამცველებთან არ ჰქონია, მას სამართალდარღვევაც კი არ აქვს… მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ეს მისი არჩევანის თავისუფლებაა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის,“ – აღნიშნავს მარიკა ჯანიკაშვილი.

„ბათუმელები“ ცდილობს, თავად გოჩა კოკაიასაც დაუკავშირდეს.


20 ივნისის მოვლენების შემდეგ პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით 305 ადამიანი დააკავა. წვრილმანი ხულიგნობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის მუხლებით სასამართლომ დაკავებულების ნაწილს რამდენიმე დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ნაწილი კი დააჯარიმა.

69 დაკავებულის საქმეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვიტა სასამართლომ სამართალწარმოება, 4 პირს შენიშვნა მისცეს, 8 – დააჯარიმეს, 18 – ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვეს. დანარჩენი 34 დაკავებულის საქმე კი, ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს. ისინი სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს და მათ შემთხვევებს სასამართლო ორი თვის ვადაში გადაწყვეტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი