ახალი ამბები

აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ

21 ივნისი, 2019 • 1922
აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ

საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სასამართლო ძირითადად ადმინისტრაციულ პატიმრობებს უფარდებს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 305 ადამიანის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავენ. ამ დროისთვის დაახლოებით 20 დაკავებულის საქმის განხილვაა დასრულებული.

„ძირითადად მტკიცებულებების გარეშე იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას, დაკავების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს,“ – გვითხრა ქეთი ჩუთლაშვილმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირის სამართლებრივ ინტერესს იცავს.

ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სასამართლო ძირითადად 11, 12, 13, ან 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებს აქციაზე დაკავებულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელ აქციაზე და აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ ასობით მოქალაქე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა. ამ მუხლებისთვის კანონი მაქსიმალურ სანქციას – 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

„უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში ამჟამად გამოცხადებულია შესვენება. მოვითხოვე საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობა, მაგრამ იქ არაფერია 5 ფურცლის გარდა… პოლიციელები წერენ, რომ იდგა, იგინებოდა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. პოლიციელების ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს,“ – გვითხრა ქეთი ჩუთლაშვილმა.

20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებული არავინაა.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი