ახალი ამბები

შსს: IDFI-ის დირექტორის დაკავება “სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიური იყო”

17 დეკემბერი, 2014 • • 1009
შსს: IDFI-ის დირექტორის დაკავება “სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიური იყო”

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მოქმედება გიორგი კლდიაშვილი მიმართ სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიური იყო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გიორგი კლდიაშვილი სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის დარღვევით დაკავეს, რის გამოც მოსამართლემ იგი დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას პარაბელუმის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გიორგი კლდიაშვილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება, თუმცა დაკითხვის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, აცხადებს უწყება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატივისცემას გამოხატავს არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, „IDFI“-ს მიმართ. აღნიშნული ინციდენტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სამინისტროსა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავება, მაშინ, როდესაც იგი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ წარმოადგენდა საფრთხეს სგამოძიებისთვის, შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიტკურ ზეწოლას, რადგან გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი და დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად იქნა გაკეთებული მინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან.

IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს იყო ჩანიშნული სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე, მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

 

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდეგ.

 
 
კლდიაშვილის განცხადებით, იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ.
 
 
გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ მისი თქმით, გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში.
შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი